ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მაქვს ინფორმაცია, რომ ეს იყო საერთაშორისო დონის ანტიტერორისტული ოპერაცია და გარდაცვლილების ვინაობა ამიტომ არ სახელდება”

კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე “მეტრონომთან” საუბარში ნაკლებ სარწმუნოდ მიიჩნევს იმფორმაციას, რომ საქართველოში 22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ დამნაშავეებს შორის, შესაძლოა ახმედ ჩატაევი იყოს.

მისი თქმით, ამ დონის ტერორისტის ასე ადვილად და შეუმჩნევლად გადაადგილება რთული იქნებოდა. არეშიძის განცხადებით, მას საქართველოს გარდა კიდევ ორი ქვეყანა თურქეთი და რუსეთი ეძებს, შესაბამისად ამხელა მანძილს ის შეუმჩნევლად და უპრობლემოდ ვერ გაივლიდა.

კავკასიოლოგის აზრით, თუ ის საქართველოში მაინც შემოვიდა, მაშინ მას ძალიან  დიდი მისია ჰქონდა. რა შეიძლება მას მოემოქმედა ეს უკვე გამოძიების და სხვადასხვა ვერსიების დონეზე შეიძლება განხილული იყოს.

“თუ ჩემს მიერ ხსენებული მიზეზების და გამო, ჩატაევმა საქართველოში შემოსვლა მაინც  შეძლო, მაშინ მას სერიოზული მიზანი და მოტივაცია ექნებოდა. ეს შეიძლება ყოფილიყო შემდგომში ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენების საყრდენი ან  ძალიან სერიოზული ტერაქტის მცდელობა, რომელსაც აუცილებლად მისი ხელმძღვანელებოა სჭირდებოდა. თუმცა როგორც გითხარით ამის საკმაოდ ნაკლები შანსები არსებობს. დღევანდელი გლობალიზაცისი და კომუნიკაციის პირობებში მისი გადაადგილება ასეთი ადვილი ვერ იქნებოდა.

მაგალითად, თავად პროცესთან რაც 22 ნოემბერს მიმდინარეობდა ბევრი კითხვები მაქვს, რადგანაც, როცა  ტერორისტის გვამი ვნახე, საინტერესოა მან ამხელა მანძილის გავლა როგორ მოახერხა და ქუჩაში როგორ აღმოჩნდა. ბევრი კითხვებია, მაგრამ საბოლოოჯამში ისეთი შედეგი მივიღეთ, რომელიც ყველაზე უკეთეს ვარიანტში უნდა მიგვეღო.

მაინც მგონია, რომ შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა. ნელ-ნელა მეც ვეცდები რომ საზოგადოებას ამ კითხვებზე პასუხი მივაწოდა, თუმცა ამ ეტაპზე სპეცსამსახურების კრიტიკას ვერ დავიწყებ. ვფიქრობ, რომ მათ დაკისრებულ ამოცანას თავი კარგად გაართვეს.  იქ სხვა რაღაც მოხდა და ჯერჯერობით ამაზე ხმამაღლა ვერ ვსაუბრობ, ამიტომაც მაქვს კითხვები”,-ამბობს არეშიძე “მეტრონომთან”.

მისი თქმით, ტერორისტების შეიარაღება მთავარი კითხვები არ არის, რადგანაც მან დაახლოებით იცის, როგორ ხდება მსგავსი რაოდენობის და არსენალის ერთად თავმოყრა.

არეშიძე ამბობს, რომ პარადოქსულია, მაგრამ კავკასიაში მსგავსი რაოდენობის იარაღის მოძიება რთული არ არის. კავკასიოლოგი ამბობს რომ მსოფლიოში იარაღის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული პრბლემებია და ასეთი გამოწვევების წინაშე საქართველო კი არა დიდი ევროპული ქვეყნები დგას.

მისი თქმით, თბილისის ცენტრში კი არა, ამაზე დიდი რაოდენობის იარაღს ტერორისტები პარიზის ცენტრში უყრიან თავს. კავკასიოლოგის განცხადებით, საქართველო დაუცველი საზღვრების პირობებში იმყოფება და მსგავსი გამოწვევების და საფრთხეების წინაშე დგას.

“გვერდით გაქვს ყარაბახის კონფლიქტი. გვაქვს ორი უკონტოლო ტერიტორია, რომელიც უკონტოლო იარაღით არის სავსე.

რაც შეეხება ტერორისტების ვინაობის დამალვას, ეს არის მთავარი კითხვა. ლაფანყურის სპეცოპერაცია გახსოვთ ალბათ, სადაც ხელისუფლება გვიცხადებდა, რომ გარდაცვლილების ვინაობა არ იცოდა, თუმცა ზოგი მათგანი ბოლოს აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოქალაქეც იყო და 2008 წლის ომში იბრძოდა. ერთადერთი ახსნა, გვარების არდასახელებასთან ის მაქვს, რომ მთელი ეს ამბავი საერთაშორისო ოპერაციის ნაწილი იყო.

აქედან გამომდინარე ქართულმა მხარემ კოლეგებს, რომ ხელი არ შეუშალონ მათ ვინაობას არ ასახელებენ. ეს გვახარიამ თქვა კიდევაც და მე ამას გიდასტურებთ. ამ სპეცოპერაციაში მხოლოდ საქართველო არ არის მონაწილე, აქ სულ მცირე ორი ქვეყნაა ჩართული, ერთი ესაა ევროპული და მეორე აღმოსავლეთის, სადაც მსგავსი სპეცოპერაციები მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ მათი თხოვნით ქართული მხარე თავს იკავებს. სხვა ახსნა ამას არა აქვს”,-ამბობს არეშიძე “მეტრონომთან”.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....