ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

BBC სპეცოპერაციის დანაშაულებრივი ჯგუფის ეროვნებას ხაზს უსვამს

BBC-მ თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას ვრცელი რეპორტაჟი მიუძღვნა.

ბრიტანული ტელეკომპანიის ცნობით, ქვეყნის ანტიტერორისტულმა ძალებმა ალყა მრავალბინიან სახლს შემოარტყეს, სადაც ეჭვმიტანილი მებრძოლები იმყოფებოდნენ.

როგორც BBC წერს, “ტერორისტული ჯგუფის” წევრებმა უარი თქვეს პოლიციისთვის დანებებაზე და შიგნიდან ყუმბარებს ისროდნენ.

მედია ბოროტმოქმედების ეროვნებაზე განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას. BBC-ს ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, შენობაში მყოფები უცხოეთის მოქალაქეები არიან. მეორე ვერსიით კი, ისინი პანკისის ხეობიდან არიან, სადაც ეთნიკურად ჩეჩნები ცხოვრობენ, რომელთა წარმომადგენლები სირიაში ჯიჰადისტებს შეუერთდნენ.

BBC-ის ცნობით, საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ჯიჰადისტებთან დაკავშირებული არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თუმცა გავრცელებული ცნობით, დაახლოებით 50 ქართველი სირიასა და ერაყში დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ჩასაფრებულ რამდენიმე სავარაუდო ტერორისტთან. სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა და 2 დაიჭრა. სუს-ის ინფორმაციით, ბინაში გამაგრებული 3 ტერორისტი ლიკვიდირებული, ხოლო 1 დაკავებულია.

იტვირთბა....