ახალი ამბები მთავარი სამართალი

“არ არის გამორიცხული, რომ ტერორისტები საქართველოში რამეს გეგმავდნენ”

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ბესო ალადაშვილი “მეტრონომთან” საუბარში ამბობს, რომ საქართველო სამწუხაროდ ხალიფატის დამარცხების შემდეგ, შესაძლოა, მათი მებრძოლებისთვის სატრანზიტო ქვეყნად იქცეს. ალადაშვილის აზრით, არც ის არის ლოგიკას მოკლებული, რომ ტერორისტები საქართველოში გეგმავდნენ რამეს.

ექსპერტის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და კონტდაზვერვის სამსახური საკმაოდ ყურადღებით უნდა იყვნენ, რადგანაც საქართველოში ბევრი საელჩოებია, რომლებიც შესაძლოა მათი სამიზნე გახდეს.

ექსპერტი ამბობს, რომ სპეცოპერაციის ირგვლივ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, მითუმეტეს ტერორისტები კბილებამდე შეიარაღებულები არიან და საინტერესოა როგორ მოახერხეს მათ ქალაქის ცენტრში უპრობლემოდ ამხელა შეიარაღების მობილიზება.

“აუცილებელია, რომ სპეცსამსახურებმა საზოგადოებას კონკრეტულ კითხვებზე, შეძლებისდაგვარად, პასუხი გასცეს. როგორ მოხდა შეიარაღებული, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქალაქის ცენტრში უპრობლემოდ გადაადგილება.

ბუნებრივია,  როდესაც ქალაქში საბრძოლო ოპერაცია მიდის, არავისთვის სასიამოვნო არ არის, მაგრამ ანალიზისთვის და ღრმა შეფასებისთვის უნდა დავიცადოთ. სამწუხაროდ ხალიფატის დაშლის შემდეგ, საქართველოს დაქსაქსული მებრძოლები სატრანზიტოდ გამოიყენებენ. ამიტომ, ქვეყანა მომზადებული უნდა შეხვდეს, მითუმეტეს  უამრავი  საელჩოებია, რომელიც ტერორისტების სამიზნე შეიძლება აღმოჩნდეს.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ მათი შეიარაღებიდან გამომდინარე საქართველოშიც გეგმავდნენ რამეს. სუს-ის განცხადებაც ერთგვარი მინიშნება შეიძლება იყოს, რომ მსგავსი ოპერაცია  სხვადასხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. ალბათ უფრო ეს თურქეთი-რუსეთი შეიძლება იყოს. არც ის არის გამორიცხული, რომ ეს ადამიანები, სწორედ რომ ამ ქვეყნებში გადაადგილებას აპირებდნენ. საინტერესოა ვინ არიან  და რამდენად კარგად მომზადებულები იყვნენ”,-ამბობს “მეტრონომთან” ალადაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბერის სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია ტერორისტების დასაკავებლად წუხელ დაიწო. სავარაუდოდ სპეცოპერაცია უკვე დასრულდა და ერთ-ერთი ტერორისტი ლიკვიდირებულია. სპეცდანიშნულების რაზმი ტერიტორიას ტოვებს. ინტენსიური შტურმი დაახლოებით 5 საათი გრძელდებოდა. ჯავშანტექნიკა ამ წუთებში ტერიტორიას ტოვებს. შემთხვევის ადგილი სამმა სასწრაფო დახმარებამ დატოვა, თუმცა გადაიყვანეს თუ არა დაჭრიილი ადამიანები უცნობია. სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში ცოტახნის წინ გარდაიცვალა.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....