უკრაინიდან საქართველოში დეპორტირებული ცხრა მოქალაქის ადგილსამყოფელი, ისევ, უცნობია. დეპორტირებულებს შორის არის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი.
არსებობს ვერსია, რომ ცხრავე ქართველი ბორანზე იმყოფება, რომელიც ფოთისკენ მოემართება.
თამაზ შავშიშვილის მამა ფოთში ჩასვალას აპირებს.
“ესეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს, რომ 6 საათისთვის ფოთში მოიყვანენ და ამჟამად ბორანზეა,” – განაცხადა გივი შავშიშვილმა.
მისივე თქმით, თუ აღნიშნულ ბორანზე თამაზ შავშიშვილის არ აღმოჩნდა, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხს მოითხოვს შვილის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რუსთავი 2”-ის ოპერატორი ნაცემია. მასთან უკვე 40 საათზე მეტია, დაკავშირება ვერ ხერხდება.
ასევე, დეპორტირებულთა შორის არიან ქართველი მებრძოლებიც. ისინი რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის ინტერესებს იცავდნენ.
შეგახსენებთ, რომ გასული ღამეს კიევიდან თბილისში ორი რეისი შესრულდა, თუმცა, არც ერთ მათგანზე დეპორტირებულები არ ყოფილან.
დღეს, თბილისის საერთშორისო აეროპორტში კიევის ჟულიანის აეროპორტიდან თვითმფრინავი დაეშვა, მაგრამ არც ამ თვითმფრინავის ბორტზე აღმოჩნდნენ უკრაინიდან გამოძევებული საქართველოს მოქალაქეები.