ნატოსა და თურქეთს შორის სკანდალი კიდევ უფრო გაღრმავდა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის განცხადებით, სირიიდან საფრთხის გაზრდის ფონზე, ალიანსმა თურქეთიდან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები უკან გაიწვია და მიანიშნა, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ანკარას არ დაეხმარება.
რეჯეფ ტაიფ ერდოღანის აღშფოთება, ასევე, გამოიწვია ნორვეგიაში სამხედრო წვრთნის დროს მომხდარმა ინციდენტმა.
სწავლების დროს, შემთხვევით ნორვეგიელმა სამხედრომ სავარჯიშო პოლიგონზე რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ქემალ ათათურქის პორტრეტები “მტრების” კატეგორიაში განათავსა. ამის გამო, გუშინ, თურქეთმა ნორვეგიაში მიმდინარე ნატო-ს წვრთნებიდან 40 სამხედრო მოსამსახურე უკან გაიწვია.
ინციდენტის გამო, ნორვეგიელი სამხედრო არმიიდან გაირიცხა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს პირადად დაურეკა და ბოდიში მოუხადა.
“თქვენ ნახეთ ნატო-ს მხრიდან უპატივცემულო დამოკიდებულება. არსებობს შეცდომები, რომლებსაც არა სულელები არამედ დაბალი დონის ადამიანები უშვებენ” – განაცხადა რეჯიპ ტაი ერდოღანმა და ნატოს გენერალური მდივნის ბოდიშს “არასაკმარისიც” უწოდა.