ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანებს ქვეყნიდან მხოლოდ იმიტომ აძევებნ, რომ მასთან არიან კავშირში.
“მე ახლა სწორედ იმ ქუჩაზე ვდგავარ, საიდანაც გუშინ ანტიტერორისტული ოპერაციის ორი გმირი გაიტაცეს. ესენი არიან მამუკა აბაშიძე და ვანო ნადირაძე. ეს არის ოთახი, სადაც ყველაფერი დაამტვრიეს. ესაც სისხლიანი პირსახოცი, ანუ ისინი სასტიკად სცემეს. სისხლის კვალია მთლიანად იატაკზეც. დააკავეს ჟურნალისტიც, რომელიც აქ სამი წელია, მუშაობს. შავშიშვილი საქართველოს წამყვანი და პოსტ-საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი საუკეთესო ტელეკომპანიის რუსთავი2-ის თანამშრომელია. ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი და სხვა არანაირი როლი არა აქვს.
ქვეყნიდან გაძევება რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ კანონი ირღვევა და ეს სასამართლოს მეშვეობით ხდება. მაგრამ ნორმალური მოვლენაა, როდესაც შედიხარ, ფიზიკურად უსწორდები, თავზე ტომარას აცმევ ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტს და გყავს რამდენიმე საათი აეროპორტში, სადაც მათთან არც სამედიცინო დახმარებას და არც ადვოკატებს უშვებენ? ყველამ იცის, რომ ისინი გააძევეს არა კანონდარღვევისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემთან არიან დაკავშირებული. მე არ დავნებდები, რომც მომკლან ან რომც გამაძეონ. ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან”, – აღნიშნა ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურმა გუშინ განცხადება გაავრცელა. “17 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად სამშობლოში იძულებით იყო გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქე”, -აღნიშნულია უშიშროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

