ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იან კელი: ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, სანამ იგი არ გახდება ნატოს წევრი

აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას გამოეხმაურა.

“ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია სრულად შეესაბამება ამ განცხადებას. ჩვენ თანმიმდევრულად, უკვე ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის პერიოდიდან მოყოლებული მხარს ვუჭერთ საქართველოს წევრობას ნატოში და ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმაც ზუსტად ეს განაცხადა აგვისტოში საქართველოში ვიზიტისას. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს, სანამ იგი არ გახდება ნატოს წევრი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ნატოს წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა და კონსენსუსი არის საჭირო ამისთვის”,- განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, რომ “ukrinform”-მა ნატოს გენერალური მდივნის განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია: “საქართველო და უკრაინა ახლა რეფორმებზე არიან კონცენტრირებული: თავდაცვითი ინსტიტუტების მოდერნიზებაზე, კორუფციასთან ბრძოლაზე და დემოკრატიის გაძლიერებაზე. ნატო და მოკავშირეები მათ ამ პროცესში ეხმარებიან. საბოლოო ჯამში, ალიანსის 29 წევრი გადაწყვეტს, მივიღოთ თუ არა ახალი წევრი ჩვენს რიგებში. არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება ამ პროცესში ჩაერიოს ან ვეტო დაადოს. ყველა სახელმწიფოს აქვს სუვერენული უფლება აირჩიოს საკუთარი გზა, ალიანსს კი შეუძლია გადაწყვიტოს, სურს თუ არა მას გაფართოება”, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

იტვირთბა....