ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მომეცით 6 თვე და დაგიბრუნდებათ ძველი ლარი”: რომან გოცირიძე ლარის კურსზე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ლარის კურსის ვარდნას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ლარის ასეთი ვარდნის გამო, ის ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს ადანაშაულებს. გოცირიძის შეფასებით, მათ ბანკები ნარკოდამოკიდებული გახადეს, რის გამოც ე.წ ლომკები დაეწყებათ.

“მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. რაც ლარს დამართეს, ამაში პირდაპირაა დამნაშევე მთავრობა და ეროვნული ბანკი. მთავრობა დაუბალანსებელი ბიუჯეტითა და ბანკებზე ნახევარი მილიარდი ლარის ოდენობის კრედიტის მიცემის ავანტურისტული ინიციატივის გამო, ეროვნული ბანკი კი ასევე ”იაფი ფულის” პოლიტიკის წარმოებისათვის. გუშინწინ მთავრობამ ისევ მისცა ბანკებს 50 მილიონი. დღევანდელ აუქციონზე არც ეროვნულმა ბანკმა შეამცირა რეფინანსირების სესხები. ძალიანაც უნდათ ამ მძიმე ვითარებაში დაკრედიტების შემცირება, მაგრამ არ შეუძლიათ. ბანკები ნარკოდამოკიდებული გახადეს. ”ლომკები” დაეწყებათ. სად გაგონილა, ეკონომიკა ოთხი პროცენტით იზრდებოდეს და ბაკების დაკრედიტება ხაზინიდან და ეროვნული ბანკიდან კი ასი პროცენტით?

მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ ძალდატანებითი და წარუმატებლად დამთავრებულ ლარიზაციას თავის წვლილი მიუძღვის ამ პროცესში. მან შვა ე. წ. ”ერთთვიანი ღია ბაზრის ინსტრუმენტი”-ეროვნული ბანკის 400 მილიონი ლარის რეფინანსირების სესხი. იგი ერთჯერადი უნდა ყოფილიყო და გალარების პროგრამის დამთავრებისთანავე უნდა დაბრუნებულიყო. ასე არ მოხდა.

გაუტკბათ იაფი ფული ბანკებს. დღემდე ხდება ამ ”ინსტრუმენტით” დაკრედიტება. წლის ბოლომდე დარჩენილ თვენახევარში ბიუჯეტიდან დასახარჯია ორი მილიარდი ლარი. ესეც ძველი სენია. შეჭამა ქვეყანა ბიუროკრატიამ და უსარგებლო ხარჯებმა. ხელისუფლებამ ვერ დასვა სწორი დიაგნოზი ან შეგნებულად იტყუებოდა. ლარის დევალვაცია მოლოდინებით ახსნა. მასე რომ ყოფილიყო, მისი მოხსნა მარტივად შეიძლებოდა რამდენიმე ინტერვენციით. პრობლემა უფრო ღრმაა. თუნდაც ენერგეტიკა ავიღოთ: მზარდი სუბსიდირება, პოპულისტური სატარიფო პოლიტიკა და მთელი დარგის მიყვანა არარენტაბელობის ზღვრამდე. შუქის ფასს ჯერ კიდევ ”ძველი” დევალვაციის გამო გაზრდიან მალე, ლარის ახალ გაუფასურების ზარალს კი ისევ ენერგოკომოპანიებს აკიდებენ ან სუბსიდირებას გაზრდიან. აბა როგორ, პრეზიდენტის არჩევნები მოდის. საპენსიო ინიციატივებიც უკვე სასაცილოდ გამოიყურება. ორი თვის შემდეგ რა მოუვა ლარს და ფასებს ეს არ ვიცით და ორმოცი წელი უნდა ვანდოთ ამთნაირებს ფული? იმედი, რომ ასეთები მუდამ არ იქნებიან, კარგი საქონელია.

დაკარგა ქვეყნის ეკონომიკამ ის მოქნილობა, რომელიც მისი ლიბერალური მოწყობით ჰქონდა. გაიზარდა სახელმწიფოს ჩარევა, გაჩნდა მრავალი ახალი სახელმწიფო უწყება და რაც მთავარია, ქვეყანას მართავენ დაბალკვალფიცირებული ”ქართუს ბიჭები”( აქა-იქ გოგოებიც). ლარის როგორი გაცვლის კურსია სამართლიანი? იგი ორნაირი უნდა იყოს: ერთი იმათთვის, ვინც გულანთებული მომხრეა ქვეყნის ქართუზაციის, ჯიდიესიზაციის, კორკოტიზაციის და მეორე ყველა დანარჩენისათვის, მცირეოდენი კორექტირებით. ამ მცირე ნაწილს რუსულ რუბლზე დავსვამდი. მომეცით ექვსი თვე და დაგიბრუნდებათ ძველი ლარი! არარეალუსტურია? გეთანხმებით. რეალისტური ისაა, რასაც ვხედავთ, – წერს გოცირიძე.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ლარის კურსმა საგრძნობლად, პერიოდულად იწყო ვარდნა. ამ მომენტისთვის, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.72-ია.

იტვირთბა....