ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა”: დღეს გალაკტიონის დაბადების დღეა

გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღიდან 126 წელი გავიდა. გალაკტიონ ტაბიძე ვანთან ახლოს სოფელ ჭყვიშში დაიბადა. სიცოცხლე კი თბილისში, 1959 წლის 17 მარტს, თვითმკვლელობით დაასრულა.
გალაკტიონ ტაბიძემ იმთავითვე დაიმკვიდრა „გენიალური გალაკტიონის“ და „პოეტების მეფის“ სახელი. „მე და ღამემ“, „მთაწმინდის მთვარემ“, „ლურჯა ცხენებმა“, „სილაჟვარდემ…“, „მერიმ“ და მრავალმა სხვა ლექსმა მკითხველს წარმოუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება, სიტყვის მოქნილობა, საოცარი უნარი რიტმის, ფერის, ტონისა თუ ნახევარტონების გადმოცემისა. ეს იყო რომანტიკული სამყარო, სადაც პოეტმა მინიშნების, ნიუანსებისა და ასოციაციების საშუალებით იშვიათი უშუალობითა და სილამაზით აამეტყველა ადამიანის ყველაზე ფაქიზი განცდები.
უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც, რომელმაც პოეზიას ახალი სიცოცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქნილობა შესძინა.

გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

თოვლი

მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა:
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ… ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში…
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში…
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…
თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!

1916 წელი.
ავტორი: გალაკტიონ ტაბიძე.

იტვირთბა....