“სასამართლოს ვურჩევდი, წაიკითხოს კანონი სახალხო დამცველის შესახებ”, – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქალაქო სასამართლოს განცხადებას.
საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც საქალაქო სასამართლო სახალხო დამცველს აკირტიკებს. სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ომბუდსმენი თავისი კომპეტენციის ფარგლებს გასცდა და სამართლებრივ საფუძველს მოკლებული შეფასებები გააკეთა.
უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის უფლებაა, სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბროს.
“საზოგადოება ნათლად ხედავს, თუ რას ეყრდნობა სახალხო დამცველი, როცა გარკვეულ შეფასებას აკეთებს. სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე არის ერთ-ერთი უფლება, რომ სასამართლო პროცესებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბარი სახალხო დამცველს არ ეკრძალება და ეს არ არის სახალხო დამცველის კომპეტენციიდან გამოსვლა, რაზეც მიუთითებს სასამართლო. მათ ვთხოვ, კარგად გაეცნონ “საქართველოს ორგანულ კანონს სახალხო დამცველის შესახებ”- აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძეც გამოეხმაურა.
“ერთი მხრივ, ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული სტანდარტებით ვიცხოვროთ და მეორე მხრივ, გვავიწყდება, რომ ევროპაში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, არსად, სახალხო დამცველს არ აკრიტიკებენ მხოლოდ იმის გამო, რომ სახალხო დამცველი ასრულებს თავის კონსტიტუციურ ვალდებულებას. ჩვენ გვახსოვს წლების წინ, როცა სახალხო დამცველს მიტინგის დარბევის დროს ვცემდით. დღეს აღარ ვცემთ და შეიძლება ეს ვიღაცისთვის პროგრესის მიმანიშნებელი იყოს, თუმცა სინამდვილეში ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ არ გვესმის კარგად, რა არის სახალხო დამცველის მანდატის კონსტიტუციური არსი”, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
მისი თქმით, როცა სახალხო დამცველი განცხადებას აკეთებს, მისთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, ვის საქმეს სწავლობს და რომელი პარტიის წევრია.
“სახალხო დამცველისთვის ყველა ადამიანი არის თანასწორი და თუ უფლება ირღვევა, მისთვის არაფერს არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. უნდა იყოს კრიტიკული და ზოგჯერ მწვავედ კრიტიკულიც, როცა ეს საჭიროა”, – განაცხადა კოჟორიძემ.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ ე.წ. ციანიდის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშს ”ციანიდის საქმის” პროკურორი ჯარჯი წიკლაური გამოეხმაურა და არაკომპეტენტური და უსაფუძვლო უწოდა.
ომბუდსმენმა ჯარჯი წიკლაურის ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, პროკურორი ცდილობს გაამართლოს ის დარღვევები, რომლებსაც განსაკუთრებით, გამოძიების ეტაპზე ჰქონდა ადგილი და სწორედ პროკურატურა არის ის ორგანო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი. უჩა ნანუაშვილი აბობს, რომ პროკურატურის ბრალდებები უსაფუძვლოა.