მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე ე.წ. ცრუ დასმენის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულო სცნო. გიორგი ოქროპირიძეს ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლებრივ დახმარებას უწევდა.
“გიორგი ოქროპირიძის მიმართ პროკურატურის მიერ ცრუ დასმენის ბრალის წაყენებას წინ უძღოდა ის ფაქტი, რომ 2015 წლის 5 ივნისს მკვლელობის ბრალდებასთან დაკავშირებით გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი ვერ გამოუტანეს. რამდენიმე დღეში მას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა ეწურებოდა და, შესაბამისად, მას საპატიმრო უნდა დაეტოვებინა. თუმცა, 2 დღის შემდეგ – 8 ივნისს, მას პროკურატურამ „ცრუ დასმენის“ ბრალი წარუდგინა, სასამართლომ კი აღმკვეთ ღონისძიებად კვლავ შეუფარდა პატიმრობა. ნაფიცი მსაჯულების ახალმა შემადგენლობამ გიორგი ოქროპირიძეს შემდგომში დამნაშავედ ცნო მკვლელობაში და სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ოქროპირიძის მიმართ აღძრული ე. წ. ცრუ დასმენის საქმე უკავშირდება ბათუმის #3 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მის მიერ სახალხო დამცველისადმი მიცემულ ახსნა-განმარტებას, სადაც პატიმარი მის მიმართ განხორციელებულ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ ფაქტებს აღწერდა და #3 დაწესებულების თანამდებობის პირებს ცემაში ადანაშაულებდა. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, პროკურატურამ გიორგი ოქროპირიძის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება დაიწყო და ორ კვირაში შეწყვიტა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. თუმცა, 8 თვის შემდეგ, მაშინ როდესაც გიორგი ოქროპირიძეს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურებოდა, მას ახალი ბრალი წაუყენეს ცრუ დასმენასა და ცრუ ჩვენების მიცემაში, რომლის თანახმად, ბათუმის #3 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია და მსჯავრდებულმა განახორციელა ცრუ დასმენა, რა დროსაც გამოძიებას მისცა ცრუ ჩვენება.
ე. წ. ცრუ დასმენის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრი სრულად იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციას, რომ სახალხო დამცველისთვის მიწოდებული ინფორმაცია წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე არ შეიძლება იყოს პირის/პატიმრის წინააღმდეგ მიმართული და გამოყენებული ან გახდეს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.
ომბუდსმენი ეყრდნობა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის 21–ე მუხლს – „არც ერთი ორგანო ან თანამდებობის პირი არ გამოიყენებს რაიმე სანქციას ან არ გასცემს სანქციის გამოყენების ბრძანებას ან ნებართვას რომელიმე პირის ან ორგანიზაციის მიმართ, მათ მიერ პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის ნამდვილი თუ ყალბი ინფორმაციის მიწოდების გამო, ასევე არ შეზღუდავს ასეთ პირს ან ორგანიზაციას რაიმე სხვა წესით“.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ცრუ დასმენის საქმის განხილვისას გაიმართა 70 სასამართლო სხდომა და დაიკითხა 200-მდე მოწმე, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას #3 და #8 პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები წარმოადგენდნენ და მათ ჩვენებებში თვალნათლივ იკვეთებოდა მიკერძოება.
საბოლოოდ, ა.წ. 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მსჯავრდებული გიორგი ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნო ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მიცემაში”, აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

