რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივას, რომ “ტოლერანტობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭოს საპატრიარქოს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია არ აქვს.
“კულტურული მემკვიდრეობის მინიჭებასთან დაკავშირებით ჩვენ ახლა მოვისმინეთ ინიციატივა. გავივლით ამას საპატრიარქოში და კონსულტაციები გვექნება რელიგიის სააგენტოსთან”, – აცხადებს პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი.
ამ ინიციატივას გამოეხმაურა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოც.
“ვფიქრობ, სხვა ასეთი ფენომენი მსოფლიოში არ არსებობს – ამდენი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი ერთად ცხოვრობდა საუკუნეების განმავლობაში, მოღვაწეობდა და ერთად აშენებდა ამ სახელმწიფოს.
როდესაც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ანბანი შედიოდა, ჩვენ მრავალწახნაგური კუთხით დავანახეთ საზოგადოებას ჩვენი ანბანი. ვმუშაობთ საკითხზე თუ როგორ წარმოვაჩინოთ უკეთ ჩვენი ტოლერანტი სახელმწიფოს როლი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. მთავარია სწორი სააღრიცხვო ბარათი შედგეს და სწორი ტერმინოლოგიით იყოს განმარტებული რას გულისხმობს”, – აღნიშნავს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკა ანთიძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ტოლერანტობას შესაძლოა არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. ამ ინიციატივის შესაძებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა.

