ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეროვნული ბანკი: სავალუტო ბაზარი ლიბერალიზებულია – ნებისმიერ პირს შეუძლია ნებისმიერი ვალუტის ყიდვა-გაყიდვა

საქართველოს ეროვნული ბანკი ბლუმბერგის სავაჭრო სისტემასთან მიმართებით ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და საზოგადოებას ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ბრუნვის მონაცემებს აცნობს.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში სავალუტო ბაზარი ლიბერალიზებულია და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქვეყანაში სავალუტო შეზღუდვები არ არსებობს და ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია შეუზღუდავად შეიძინოს ან გაყიდოს ნებისმიერი ვალუტა, ფინანსური შუამავლის მეშვეობით ან მის გარეშე.

”იურიდიული პირები პროცესში ძირითადად ფინანსური შუამავლების – კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალებით მონაწილეობენ. რაც შეეხება სავალუტო პუნქტებს, რომელიც ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ისინი უმეტესად საცალო კლიენტებს ემსახურებიან და მინიმალური მარჟით ახორციელებენ ვალუტის კონვერტირებას.

ბლუმბერგის სავაჭრო სისტემა ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომლითაც ხორციელდება ფინანასური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე. ბლუმბერგის სისტემას საქართველოში 24 ორგანიზაცია იყენებს, რომელთაგან უცხოური ვალუტით აქტიურად ვაჭრობს 16 კომერციული ბანკი და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია. ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ამ ფინანსური ინსტიტუტების ვაჭრობის აქტიურობას მათი კლიენტების მიერ გაცემული ყიდვა-გაყიდვის დავალებები განაპირობებს.

ფინანსური ინსტიტუტები სავალუტო შემოსავლებს იღებენ კლიენტების დავალებით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული საკომისიოს სახით. ვინაიდან საქართველოში დოლარიზაცია ჯერ კიდევ მაღალია, მომხმარებლები ხშირად აკონვერტირებენ ვალუტას, რაც, შესაბამისად, ბანკების მაღალ სავალუტო შემოსავლებს განაპირობებს. დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად ეს მაჩვენებელიც ეტაპობრივად შემცირდება.

დამატებით, აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ბლუმბერგის სისტემაში მხოლოდ ორი ყველაზე მსხვილი ბანკი ვაჭრობს, არასწორია.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს მდგომარეობით სს “თიბისი ბანკი”-სა და სს “საქართველოს ბანკის” წილები, როგორც აქტივების ისე ვალდებულებების მიხედვით, საბანკო სისტემასთან მიმართებით, შეადგენს 37 და 34%-ს, მაშინ, როდესაც ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე ამ ბანკების წილი გაცილებით ნაკლებია”, – ნათქვამია სებ-ის განმარტებაში.

იტვირთბა....