მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე გასულ წელს 9 146,4 ლარი იყო.
საქსტატმა 2016 წლის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. გასულ წელს ეკონომიკის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 34.028 მლრდ ლარი ($14.34 მლრდ) შეადგინა, რაც 7,2 -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მშპ-ს რეალური ზრდა წინა წელთან შედარებით 2,8 %-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 4,2%-ით განისაზღვრა.
მშპ ერთ სულზე 9 146,4 ლარი, ანუ 3 864,6 დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ 2015 და 2016 წლებში ერთ სულზე გაანგარიშებულ მაჩვენებლებში ასახულია მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები.
“წინა წლების მაჩვენებლებში გამოყენებულია აღწერამდელი დემოგრაფიული მონაცემები. წინა წლების
მოსახლეობის რიცხოვნობა, აღწერის მონაცემების გათვალისწინებით დაზუსტდება, რაც გამოიწვევს ერთ სულზე გაანგარიშებული მაჩვენებლების დინამიკური მწკრივების დაზუსტებას.” – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,0 პროცენტი) და მრეწველობა (16,4 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (9,1 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,0 პროცენტი), მშენებლობა (8,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,1 პროცენტი). ზრდას დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: სასტუმროები და რესტორნები (12,9 პროცენტი), მშენებლობა (10,0 პროცენტი) საფინანსო საქმიანობა (9,7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (9,5 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (5,9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (4,9 პროცენტი).
კლება აღინიშნა ტრანსპორტისა (-3,0 პროცენტი) და კავშირგაბმულობის (-3,1 პროცენტი) სექტორებში.