„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონიდან იმ ნორმის ამოღება ხდება, რომლის მიხედვით, გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირებას 2018 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა დაექვემდებაროს.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე აცხადებს, აღნიშნული ცვლილება იმ გადაწყვეტილებამ განაპირობა, რომლითაც 2018 წლის 1-ელი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას 8 ადგილზე მეტი ტევადობის სამგზავრო და 3 ტონანახევარზე მეტი მასის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაექვემდებარება.
„აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დღესაც ექვემდებარებიან. მოგეხსენებათ, სწორედ ეს სატრანსპორტო საშუალებები ყველაზე მეტად ახდენენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას.
ისინი ინსპექტირებას ისედაც ექვემდებარებიან, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ არსებობდა გარკვეული ტიპის ხარვეზები აღსრულების მექანიზმებთან დაკავშირებით, ამასთან იზრდება სტანდარტი და ხდება ევრორეგულაციებთან დაახლოება, მოხდება ტექნიკური ინსპექტირების განსხვავებული სტანდარტებით განხორციელება, სრული პარკის დაფარვა ეტაპობრივად, ორი წლის განმავლობაში განხორციელდება, დაიწერება მეთოდოლოგია, თუ ვის როდის მოუწევს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა. ეს საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი“, – განუცხადა ქეთევან სალუქვაძემ.
მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მთავრობას წარედგინება ტექნიკური რეგლამენტი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან, მათ შენობებთან და პერსონალთან დაკავშირებით. სალუქვაძის თქმით, ინსპექტირების ცენტრები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს დააკამყოფილებს, ტექნიკური ინსპექტირების გაგრძელებას შეძლებენ. მისივე განმარტებით, ასევე მთავრობა ტექნიკური რეგლამენტით დაადგენს სტანდარტებს, რომლებსაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს.
„ორივე ტექნიკური რეგლამენტი შემუშავებულია და მთავრობას უახლოეს მომავალში წარედგინება“, – დასძინა ქეთევან სალუქვაძემ.
საავტომობილი ტრანსპორტის შესახებ კანონსა და სხვა კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს ადამიანის დაცვის კომიტეტი განიხილავს.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”.