როგორ იხარჯება ბიუჯეტის ფული რეგიონებში? ამ თემაზე გაზეთი „პრაიმტაიმი“ აუდიტის სამსახურის დოკუმენტებზე დაყრდნობით ვრცელ სტატია აქვეყნებს.
სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად აუდიტის სამსახურმა შეამოწმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ფინანსური ანგარიშები, სადაც არაერთი დარღვევა გამოიკვეთა.
მაგალითად, აუდიტის დოკუმენტებით ირკვევა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოიყო 51,2 ათასი ლარი, თუმცა აღნიშნული თანხით სოფლის გამგებელმა ბაღის ნაცვლად საკუთარი კაბინეტი გაარემონტა.
„შესრულებული სამუშაოების ადგილზე დათვალიერებით გაირკვა, რომ საბავშვო ბაღი განლაგებულია სოფლის ადმინისტრაციის შენობის პირველ სართულზე, ხოლო სარემონტო სამუშაოები შესრულებულია მეორე სართულზე, სოფელში გამგებლის წარმომადგენლის (სოფლის ადმინისტრაციის) მიერ დაკავებულ ფართზე. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში შეცვლილია შენობის სახურავი, რომელიც საბავშვო ბაღსაც ეკუთვნის. მიუხედავად ამისა, გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი გახარჯულია ადმინისტრაციის მიერ დაკავებული ფართის სარეაბილიტაციოდ. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გათვალისწინებული თანხა შეადგენს წრომის თემში შემავალი 7 სოფლისთვის განსაზღვრულ სახსრებს“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
ამის პარალელურად კი ირკვევა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი რამდენიმე ტონა სამშენებლო მასალა გამოუყენებლობის გამო სპეციალურ საწყობში ფუჭდება.
„2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ხაშურის მუნიციპალიტეტს ნაშთად ერიცხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წინა წლებში შეძენილი სამშენებლო მასალები, საერთო ღირებულებით – 66,3 ათასი ლარი, რომლებიც დასაწყობებულია და არ გამოიყენება. მათ შორის 18,7 ათასი ლარის სამშენებლო მასალები შეძენილია 2012 წელს. მასალების ადგილზე დათვალიერებით გამოვლინდა, რომ მათი ნაწილი (ცემენტი დაახლოებით 16 ტ, საღებავები) გაფუჭებულია და უვარგისია გამოსაყენებლად“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
წყარო: “პრაიმთაიმი”