პარლამენტის თბილისის შენობაში ქართული ოცნების ფრაქციის დახურული სხდომა დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებებს ერთმნიშვნელოვნად დაუჭირეს მხარი.
“მოვისმინეთ ერთმანეთის შეხედულებები პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადებების შესახებ ცვლილებებთან მიმართებაში და ერთმნიშვნელოვნად მხარი დავუჭირეთ ამ გადაწყვეტილებას.”-განაცხადა მათიკაშვილმა.
დავით მათიკაშვილის თქმით, სავარაუდოდ მოესწრება მომავალი წლის ბიუჯეტის კორექტირება, რომელიც 14 სამინისტროზე იქნება გათვლილი.
“ბიუჯეტის კანონპოექტთან დაკავშირებით, რომელიც 14 სამინისტროზე იქნება გათვლილი, ვფიქრობთ მოესწრება კორექტირება, რადგან ბიუჯეტი ჯერ მიღებული არ არის. ეს სტრუქტურული ცვლილებები ადეკვატურდ აისახება ბიუჯეტის პროექტში. მთავრობა იმუშავებს მიზანდასახულად იმისათვის, რომ ის შენიშვნებიც იქნას გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტიდან იქნა გაგზავნილი”. – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობაში სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. დღეს, პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლის მიხედვით, გარკვეული სამინისტროები ერთმანეთს უერთდება და მათ ახალი მინისტრები უხელმძღვანელებენ.