ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების მოლოდინშია

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება.

როგორც ცნობილი გახდა, ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.
აღნიშნულ საკითხს, “ქართული ოცნების” წევრი ბექა ოდიშარია ეხმიანება.

“ცვლილებები ყოველთვის საჭიროა, მითუმეტეს პოლიტიკაში. უცვლელი არავინ არ გახლავთ. შესაბამისად, გუნდში მიმდინარეობს კონსულტაციები, პერსონალებთან დაკავშირებით, ბუნებრივია მე თავს შევიკავებ, თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს გუნდის შიგნით კითხვები, კონსულტაციები და ხვალ ეს ყველაფერი მზის სინათლეს იხილავს, როცა პრემიერი გააკეთებს განცხადებებს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება.

ერთიანდება ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამინისტროები. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო კი ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებში გადანაწილდება.

რაც შეეხება, ტარიელ ხეჩიკაშვილის უწყებას, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროც უქმდება და ნაწილი კულტურის სამინისტროს, ნაწილი კი განათლების სამინისტროს უერთდება.

საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს.

ამასთან, შესაძლოა, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება ჩამოყალიბდეს. არსებული ინფორმაციით, საუბარია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცველთა ქმედებების მართლზომიერებას გამოიძიებს.

შეგახსენებთ, რომ ამასთან დაკავშირებით, გუშინ, თეა წულუკიანმა კომენატარი გააკეთა.

“დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა. კანონპროექტის მთავარი მიზანია, შეიქმნება საგამოძიებო მექანიზმი, რომელსაც არ ექნება საპროკურორო უფლებამოსილებები, მაგრამ ექნება ძალიან ძლიერი ინსტიტუციური მხარდაჭერა, რომ გამოიძიოს პოლიციაში, ციხეებსა თუ სხვა ძალოვან სტრუქტურებში ჩადენილი შესაძლო დანაშაული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხებათ მინისტრებს, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი მღებრიშვილი შესაძლოა გიორგი გახარიამ ჩაანაცვლოს.

ეკონომიკის მინისტრად, სავარაუდოდ, დიმიტრი ქუმსიშვილი განიხილება.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის შესახებაც.

სავარაუდო სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმიანება მმართველი გუნდის წევრი გედევან ფოფოხაძეც.

“მთავრობის შემადგენლობის ცვლილება პირველი არ არის. როდესაც ჩვენ არგუმენტებს მოვისმენთ პრემიერისგან, ამის მერე უნდა გავაკეთოთ დასკვნები. შემიძლია წინასწარაც მქონდეს მოსაზრებები, თუმცა მირჩევნია ყველა ის კითხვა, რომელიც მაქვს თვითონ ამოვწურო და ამის შემდეგ გავაკეთო საჯარო დასკვნები. ჩვენ ნდობა გამოუცხადეთ გიორგი კვირიკაშვილს და თუ ის შემოგვთავაზებს ახალ გუნდს, რომელიც იქნება ეფექტური, ჩვენ მას ნდობას გამოვუცხადებთ”,- აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

იტვირთბა....