ახალი ამბები მთავარი სამართალი

ადვოკატი: ოთარ აბესაძე შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე, რომელიც სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა, შესაძლოა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი ნონა ფილაური ავრცელებს. მისი თქმით, აბესაძის ჯამრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება სასწრაფოდ უნდა დატოვოს.

„გამორიცხული არ არის, აბესაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ. რადგან მისი ჯანმრთელობა ასეთ მდგომარეობაშია, ვფიქრობ, ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ის აუცილებლად გაათავისუფლონ“,-აცხადებს  ნონა ფილაური.

როგორც ადვოკატი აცხადებს, აბესაძეს ფსიქო-ნევროზული დაავადება აქვს, რის პროვოცირებასაც ციხის დახურული სივრცე ახდენს და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა  მწვავდება.

„ოთარ აბესაძემ დღევანდელ პროცესზე ერთი მიზეზის გამო შეძლო დასწრება, მას ძალიან უნდოდა მოწმეების დაკითხვას დასწრებოდა. პროცესზე შემოყვანამდე მას გულის წნევა 150 ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს გაუძლო. თქვა, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს, თუმცა, დასწრება მაინც შეძლო. მას ფსიქო-ნევროზული დაავადება აქვს, ის ძალიან ცუდადაა.

ადვოკატები ვფიქრობთ, რომ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ის აქამდეც უნდა გაეთავისუფლებინათ. აბესაძის გარეთ ყოფნის შემთხვევაშიც შეუძლია სასამართლო სოხდომებზეც იაროს და მაშინაც აქვს პროკურატურას შანსი იგივე მიდგომებით გაამტკიცოს მისი ბრალეულობა“, – განმარტავს ფილაური.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, მოწმეებმა აბესაძის ბრალეულობის დადასტურება ვერ შეძლეს და სასამართლოზე დაცვის მხარემ მიიღო დასტური, რომ აბესაძეს ფული ქრთამის სახით არ აუღია.

„დაცვის მხარე დღევანდელი პროცესით კმაყოფილია. ჩვენ მივიღეთ დასტური იმისა, რომ არც ჩხრეკაში და არც დაკავებაში მონაწილე მოწმეებს არ დაუდასტურებია, რომ ოთარ აბესაძემ ფული აიღო. უფრო მეტიც, ორივე მოწმემ თქვა, რომ მათ არ დაუნახავთ, აბესაძემ ფული აიღო თუ არა. აბესაძეს ფული არ აუღია. კონკრეტულ თანხასთან მიმართებაში, რატომღაც მოწმეებს მახსოვრობაც ღალატობს“, – აცხადებს ფილაური.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. როგორც ადვოკატი აცხადებს, დღევანდელი სასამართლო პროცესი მათ სასარგებლოდ წარიმართა.

შემდეგი სასამართლო 15 ნოემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, ოთარ აბესაძე მიმდინარე წლის 12 ივლისს, ქრთამის აღების ფაქტზე  სუს-მა დააკავა.

წყარო: “ჯი-ენ-ჩი”

იტვირთბა....