ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შალამბერიძის შტაბის წევრი გიორგი როყვა, რომელიც ორი დღე გაუჩინარებული იყო, პოლიციაში დაკითხეს. უწყებიდან გამოსულმა როყვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ქართული ოცნების” კანდიდატთან დაპირისპირება არ არსებობს. მისივე თქმით, ის არ წარმოადგენს ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ კოტე შარაშენიძეს და 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში “ევროპული საქართველოს” სახელით მონაწილეობდა და მაჟორიტარობისთვის იბრძოდა:
„ვიყავი ქალაქგარეთ გასული მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გატაცებასთან დაკავშირებით და ა.შ. ადგილი არ ჰქონია. ბატონი ბეგლარის მიმართ იყო გავრცელებული ეს განცხადება. ზეწოლაზეც იყო საუბარი და გატაცებაზეც იყო. მე ვიყრიდი კენჭს 21-ში არჩევნებზე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარ კანდიდატად. აქედან გამომდინარე არცერთი სხვა პარტიის წარმომადგენელი მე არ გახლავართ,“ – განაცხადა როყვამ.
გიორგი როყვას განცხადებას, რომ ის „ევროპული საქართველოს“ წევრია, საპარლამენტო უმცირესობაში გამოეხმაურნენ:
„მასზე აშკარად ხელისუფლება ახდენს ზეწოლას, რაც სამწუხაროდ, ამ საარჩევნო კამპანიის განუყოფელი ნაწილი იყო ზეწოლა, მოსყიდვა, დაშანტაჟება და ა.შ. ვნახოთ რა გამოირკვევა, ჩვენ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არც მის გაუჩინარებასთან, არც ბოლო დღეების მოვლენებთან არ გვაქვს. ერთადერთი, რასაც ვხედავთ, არის ხელისუფლების მცდელობა, რომ ამ ადამიანზეც ზეწოლა მოახდინოს,“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.

