თბილისის მერია კომპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, კითხვა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად კანონიერად მოქმედებდა „სითი პარკი“.
კალაძის განმარტებით, „სითი პარკის“ საქმიანობის კანონიერების დასაზუსტებლად პროცესში იურისტები ჩაერთვებიან.
„დედაქალაქის ძალიან ბევრი მცხოვრები ამ კომპანიით უკმაყოფილოა. ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიამ გამოწერა და რომელიც გასაჩივრდა, 99%-ზე არის მოქალაქეების სასარგებლო გამამართლებელი განაჩენი. ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი. თუნდაც, სტატისტიკა, რომ ვნახოთ, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდ არის გამოტანილი. შესაბამისად, ჩნდება კითხვა – ეს კომპანია არაკანონიერად მოქმედებს?! ამიტომ ჩვენ მივუდგებით სამართლებრივი გზით. სამართლებრივი გზით წასვლაზე როდესაც ვსაუბრობ, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, რომ იურისტები ჩაერთვებიან და ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ კახა კალაძე თბილისის მერის ფუნქციების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება.
21 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მერმა კახა კალაძემ არჩევნებში ხმათა 51.09% მიიღო.