საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა, პოლონეთში გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.
პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ნატო-ს მომავალი სამიტების მზადების შესახებ ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს მისწრაფებებისა და პოზიციების მხარდაჭერისთვის.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლონეთში ჩასვლა გარკვეული პერსპექტივის მომცემია, რადგან აქ იმასთან დაკავშირებით კი არ ლაპარაკობენ თუ რატომ ვერ გაკეთდა რაღაც, არამედ როგორ უნდა მიაღწიო მიზანს.
„პოლონეთში ჩვენ ვისმენთ გეგმებს და ხედვებს და არ ვისმენთ მიზეზებს, თუ რატომ არ გაკეთდა რაღაც“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდა 2018 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისათვის პირადად მოიწვია.
„ჩვენ ვხედავთ ერს და მის ლიდერს, რომელიც იყურება მომავალში. ჩვენ ვხედავთ ერს და ლიდერს, რომელიც ხედავს არა მარტო თავისი ქვეყნის არამედ რეგიონის მომავალს. ეს თანამედროვე რეალობაში ერთადერთი ადეკვატური ხედვაა, იმიტომ, რომ გლობალურ სამყაროში ერთი ერის განვითარება წარმოუდგენელია თუ მეორეც არ განვითარდა. მე მინდა გითხრათ, რომ ის, თუ რანაირად ხედავთ თქვენ ევროპის მომავალს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ქართველებისთვის. ის სრულიად პასუხობს ჩემი ერის იმ ისტორიულ მისწრაფებას, იყოს ევროპული ოჯახის წევრი და სრულიად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დღეს ევროპის წინაშე დგას. თქვენ საუბრობდით ქართველების და პოლონელების მსგავსების შესახებ და თქვენ გაიხსენეთ ლეხ კაჩინსკი. ალბათ ყველაზე დიდი შეჯამება სწორედ იმ ტრაგიკულ დღეებში იყო, როდესაც საქართველოს თავს დაესხა მეზობელი ბირთვული სახელმწიფო და საქართველოს გვერდით დადგნენ ჩვენი ქვეყნის მეგობრები. ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ იმ მომენტებს, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, ჩვენ არასდროს დავივიწყებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ის დღეები შეეძლოთ გაეტარებინათ თავიანთ სამშობლოში და არა დაბომბილ თბილისში, რომელთაც ადამიანური ვალდებულების გარდა არანაირი სხვა ვალდებულება არ უბიძგებდათ ამ თამამი ნაბიჯებისკენ. ასე რომ ჩვენ დაგვაკავშირა არა მხოლოდ ჩვენმა სტრატეგიულმა მიზნებმა, არამედ იმ ტკივილმა, რომელიც ჩვენმა თაობამ განიცადა სულ რამდენიმე წლის წინაც, და იმ მეგობრობამ, რომელიც დავინახეთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველები და პოლონელები ჰგვანან ერთმანეთს, ვინაიდან ორივემ იცის თავისუფლების ფასი, რაც სისხლისღვრასთანაა დაკავშირებული.
„ჩვენ იმიტომაც ვგავართ ერთმანეთს, რომ ამ თავისუფლების დაცვისთვის რეალურად ვიცით, რომ არის სისხლი დასაღვრელი და ორივე ვღვრით ამ სისხლს და მე ბედნიერი ვარ, რომ მთელი ამ ემოციის ხორცშესხმა, პოლიტიკაში ქცევა, ამ ემოციის პოლიტიკაში გადათარგმნა ჩემი და თქვენი მეგობრობის ფონზე ხორციელდება“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.