საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკაში ტეხასში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
მარგველაშვილმა მომხდარი შემთხვევის გამო მწუხარება გამოთქვა და აშშ-ს მთავრობას თანადგომა გამოუცხადა.
„ჩვენი აზრებით ტეხასში მასობრივი სროლის შედეგად დაღუპულებთან და დაზარალებულებთან ვართ. აშშ-ის მთავრობის გვერდით ვართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ამერიკელ ხალხს“, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ტეხასის შტატში, ქალაქ საზერლენდ სფრინგსში ბაპტისტურ ეკლესიაში განხორციელებული სროლის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.
დაზარალებულებს შორის არიან ბავშვები. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი ეკლესიაში შევიდა და მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი მას ადგილობრივმა მცხოვრებმა ესროლა, თუმცა დამნაშავემ საკუთარი მანქანით მიმალვა შეძლო.
მოგვიანებით პოლიციამ ის მეზობელ რაიონში, გარდაცვლილი იპოვა. ადგილობრივი მედია დამნაშავის სახელს ავრცელებს. ის 26 წლის ამერიკელი დევინ კელია. მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობი რჩება.