ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: სიმდიდრე უნდა გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს გაჭირვებული ადამიანების დახმარებისკენ მოუწოდა.

“მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. დღევანდელი სახარება მიგვითითებს, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისთვის. მაგრამ იყვნენ ჩვენი მეფეები, დედოფლები, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე – ეს არის განსაცდელი და ეს განსაცდელი უნდა დაძლიოს ადამიანმა. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, ეს სირთულე განსაკუთრებით ეხება ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია სიმდიდრესთან.

ალბათ თქვენს ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენს გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი, დავეხმარო თუ არა. თუ დავეხმარები, შეიძლება ღვინო ან არაყი დალიოს. მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს. ყოფილა შემთხვევა, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით, უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება არის პირდაპირი გზა სასუფეველში. ამიტომ ჩვენ უნდა დავძლიოთ ჩვენი თავი და სიმდიდრე გამოვიყენოთ ადამიანის დასახმარებლად”, -აღნიშნა პატრიარქმა.

იტვირთბა....