ახალი ამბები მთავარი

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი ეწვია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს, ფხვენისსა და ზემო ნიქოზს ეწვია.

სოფელ ფხვენისში მთავრობის წევრები პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, საფეხბურთო სკოლას ესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრად ფეხბურთის ფორმები და სპორტული ინვენტარი გადასცეს.

“რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უნდა ვიზრუნოთ ახალგაზრდების კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისთვის. სასიხარულოა, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ამ რეგიონში ძალიან აქტიურია. მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენი მომავლის, ჩვენი შვილების ჯანმრთელობასა და კარგად სწავლას უკავშირდება. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ ისინი ფიზიკურადაც კარგად მომზადებულები იყვნენ”,- აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრები, ასევე, დაესწრნენ სოფელ ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაციას.

ქეთევან ციხელაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი, ასევე, ესტუმრნენ ნიქოზის ხელოვნების სკოლას, რომელიც ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას ინიციატივით უკვე ხუთი წელია ფუნქციონირებს.

იტვირთბა....