ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ელენე ხოშტარიამ თქვა, თუ ვანო მოვა ევროპულ საქართველოში მე დავტოვებ პარტიასო…”

ჟურნალისტმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია, “ევროპულ საქართველოს” გუნდში ვანო მერაბიშვილთან არანაირი საქმის დაჭერა არ სურთ.

“ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი კატეგორიიული წინააღმდეგია პარტიაში ვანო მერაბიშვილის მისვლის. უფრო მეტიც, ელენე ხოშტარიამ თქვა, თუ ვანო მოვა “ევროპულ საქართველოში” მე დავტოვებ პარტიასო…” – განაცხადა ელისო კილაძემ.

მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ “ევროპულ საქართველოში” მერაბიშვილის მისვლის წინააღმდეგია ასევე დავით ბაქრაძეც.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრმა და მერაბიშვილის ადვოკატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ როცა მერაბიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს, ის თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელ პოლიტიკურ გუნდთან იქნება – “ევროპულ საქართველოსთან” თუ “ნაციონალურ მოძრაობასთან”.

„ვანოს ნამდვილად ჰყავს გულშემატკივრები, ორივე გუნდში, ეს შემიძლია ცალსახად ვთქვა. „ევროპულ საქართველოში“ მას ძალიან ბევრი მეგობარი და გულშემატკივარი ჰყავს. არა იმიტომ, რომ რაღაც პოლიტიკურ საკითხებზე მოსაზრებები ემთხვევა ან – არა, ეს არ არის მნიშვნელოვანი, აქ არის ურთიერთობა, რომელიც არსებობს. ვანო მერაბიშვილი პირველ რიგში ჩემი მეგობარია და შემდგომ პოლიტიკური თანამოაზრე. რაც შეეხება იმას თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას თვითონ გადაწყვეტს. ის არ არის რიგითი პოლიტიკური ფიგურა, ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს“, – აღნიშნა კახიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით,მან წერილი მიიღო სტრასბურგიდან ,საიდანაც ცნობილი ხდება რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება მერაბიშვილთან დაკავშირებით 28 ნომებერს გამოცხადდება.

“ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდება 28 ნოემბერს, დილის 11:30 საათზე, სტრასბურგში.”- წერს კახიძე facebook-ის პირად გვერდზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება. მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მერაბიშვილის საქმეზე, ეს ვერ იქნება მისი გათავისუფლების მიზეზი.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელი ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის ეპიზოდს ეხება, ამჟამად კი ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება. წულუკიანი ამბობს, რომ ემრაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება განხილვის საკითხია და არა პროცედურები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილს, დღეის მდგომარეობით, არ აქვს მოხდილი სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით განსაზღვრული ვადა, შესაბამისად, უწყების ცნობით, მერაბიშვილის საქმეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო მოცემულ ეტაპზე ვერ განიხილავს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი შესაძლოა, ვადაზე ადრე გათავისუფლდეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერაბიშვილს რამდენიმე დღის წინ საკანში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.

იტვირთბა....