ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მეგის ქარდავას არასდროს შევხვედრილვა, მისი არსებობის შესახებ პრესიდან ვიცი”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბრენატორი მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის მეგის ქარდავას დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. სააკაშვილი აცხადებს, რომ მეგის ქარდავას არასდროს იცნობდა და მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიის საშუალებით გაიგო. ის უარყოფს უკრაინული მედიით გავრცელებულ იფორმაციას, რომ ქარდავა მისი თანაგუნდელი იყო.

„მედიის წყაროები ძალიან არასარწმუნოა. ამ „უახლოეს თანაგუნდელს“ მე არასდროს შევხვედრივარ და მისი არსებობის შესახებ მხოლოდ პრესიდან ვიცი“, – დაწერა სააკაშვილმა და ჩანაწერს დაურთო ბმული, რომელზეც ერთ-ერთი უკრაინული მედიასაშუალება საქართველოს ექს-პრეზიდენტის „უახლოესი თანაგუნდელის“ დაკავებაზე წერს.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა. საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების მიერ 1 ნოემბერს დაკავებული იქნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნილი, ყოფილი მაღალჩინოსანი მეგის ქარდავა, რომელიც 2013 წლის 13 თებერვლიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნებოდა.

უკრაინის კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მეგის ქარდავა მიმართ გამოყენებულია საექსტრადიციო პატიმრობა და მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხი გადაწყდება უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად.

ცნობისთვის,  ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების საქმეზე ქარდავას 2014 წელს დაუსწრებლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა; ის არის ერთ-ერთი ფიგურანტი სერგო თეთრაძის წამების ორგანიზების საქმეში სასჯელაღრსრულების ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიასთან ერთად; მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს. გამოძიება მას დანაშაულის ორგანიზებას და მკვლელობის დაკვეთას ედავება; ასევე თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხების მითვისების გამო, ქარდავას 2013 წელს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და მასზე გამოცხადდა ძებნა.

 

ფოტო: იმიჯშეცვლილი მეგის ქარდავა.

იტვირთბა....