ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 2 კვირაში გაიმართება

თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 2 კვირაში გაიმართება. ოფიციალურ თარიღს ცენტრალური საარჩევნო კომისია უახლოეს დღეებში დანიშნავს. არჩეული დეპუტატების ინფორმაციით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანო 14-დან 17 ნოემბრამდე პერიოდში შეიკრიბება.

პირველ სხდომაზე თანამდებობრივი გამწესებები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება. საკრებულოს უმრავლესობა პოზიციაზე გიორგი ტყემალაძეს წარადგენს.

ტყემალაძის განცხადებით, პირველი საკითხი, რაზეც სავარაუდოდ, საკრებულოს მსჯელობა მოუწევს, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტია.

„ჩვენ მოგვიწევს 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მუშაობა, თქვენ იცით, რომ დადგენილია შესაბამისი ვადები. 15 ნოემბრამდე პირველადი ვარიანტი იქნება წარმოდგენილი, შემდეგ 25 ნოემბრამდე ჩვენ გადავაგზავნით ისევ მერიაში, რათა მოხდეს საბოლოო, გადამუშავებული ვარიანტის შემოტანა თბილისის საკრებულოში დასამტკიცებლად,“-აცხადებს გიორგი ტყემალაძე.

ოპოზიცია კი პირველივე სხდომაზე ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებასთან დაკავშირებული ინიციატივის წარდგენას გეგმავს. ენმ-ს საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სოციალური მიმართულებით პოლიტიკა გადაიხედოს.

თბილისის მერიაში კორუფციულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველო.“ თბილისის საკრებულოს არჩეული დეპუტატის დავით ჟღენტის თქმით, პარტია სწორედ ამგვარ საკითხებზე მოახდენს ორიენტირს.

იტვირთბა....