ახალი ამბები მთავარი სამართალი

დატოვებს თუ არა ვანო მერაბიშვილი საპყრობილეს ახალ წლამდე: ადვოკატი განმარტებას აკეთებს

ვანო მერაბიშვილის ადვოკატი სტრასბურგში დაწყებულ პროცესზე, ოთარ კახიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.

“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამის დამადასტურებელი.  არ ვიცი ეს მოხდება თუ  – არა. მე შემიძლია ვთქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, მაშინ სახელმწიფოს მოუწევს მერაბიშვილის გათავისუფლება ყველა შემთხვევაში, ან მოუწევს ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა, რომელსაც არ გააკეთებს”- აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ვანო მერაბიშვილმა ციხე ახალ წლამდე დატოვოს, “პრაიმტაიმი” ავრცელებს.

„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე დღის წინ ყოფილ პრემიერ მინისტრს ვანო მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ უწყება მიუტანეს და განუმარტეს, რომ დღეიდან მას ამ მექანიზმით სარგებლობის უფლება გააჩნია.

ჩვენი ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან მოქმედი ე.წ. უდოს კომისია მერაბიშვილის საკითხზე უახლოეს ხანში იმსჯელებს. სავარაუდოდ, ყოფილი პრემიერ მინისტრი საპყრობილეს ახალ წლამდე დატოვებს”- ნათქვამია გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორც მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი ტელეკომპანია “პირველის” ეთერში აცხადებს, დადგა ის პერიოდი, როდესაც ვანო მერაბშვილს უკვე ეხება ვადაზე ადრე გათავისუფლება.

“სასჯელაღსრულების სამინსტრო პერიოდულად განიხილავს ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ის ამ ვადას ვერ დაარღვევს”- აღნიშნა ადვოკატმა.

ჩივიაშვილი ამბობს, რომ ახალ წლამდე მერაბიშვილის გათავისუფლების პერსპექტივა ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ადვოკატის თქმით, ის ვადას ზუსტად ვერ დააკონკრეტებს.

 

იტვირთბა....