ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულთა სიაში მყოფი პირები შესაძლოა სათამაშოდ არ დაუშვან

საქართველოს მთავრობამ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული პროექტით„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის.

ფინანსთა სამინისტროს განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონს უნდა დაემატოს დამოკიდებულ პირთა სიის განმარტება, რომელიც მოიცავს აზარტულ ან მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზას.

„დამოკიდებულ პირთა სიაში პირის მონაცემების შეტანა მოხდება, თავად პირის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შესაბამის განაცხადს წარადგენს შემოსავლების სამსახურში და სასამართლოს ბრძანების საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიას აწარმოებს შემოსავლების სამსახური და სიაში პირის შეტანა ხორციელდება 3 წლის ვადით. ასევე, ნებართვის მფლობელი ვალდებულია მოთამაშის ობიექტზე დაშვებამდე ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშში მონაწილეობამდე, გადაამოწმოს პირი შესაბამის რეესტრში და მისი არსებობის შემთხვევაში არ დაუშვას დამოკიდებული პირის სათამაშოდ დაშვება“, – ნათქვმია განმარტებით ბარათში.

პროექტით, ასევე განისაზღვრება ტერმინი – „თამაშზე დამოკიდებული პირი“. კერძოდ, თამაშზე დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომელიც შეყვანილია დამოკიდებულ პირთა სიაში.

ამასთან, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, ოჯახის წევრს უფლება ექნება, მიმართოს სასამართლოს დამოკიდებულ პირთა სიაში დამოკიდებული პირის მონაცემების შეტანის შესახებ განცხადებით.

კანონპროექტის მიხედვით, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში საქართველოს მოქალაქისთვის მონაწილეობის მისაღებად, სავალდებულო ხდება მისი მოთამაშედ რეგისტრაცია მოთამაშეთა ერთიან ელექტრონულ რეესტრში.

კანონპროექტის გათვალისწინებით, კანონს ასევე დაემატა შეზღუდვა 21 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ.

რაც შეეხება სანქციებს, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილეობისთვის იმ საქართველოს მოქალაქის დაშვება, რომელიც არ არის რეგისტრირებული მოთამაშედ მოთამაშეთა ერთიან რეესტრში გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

განმეორების შემთხვევაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 10000 ლარის ოდენობით.

დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობისთვის დაშვება გამოიწვევს აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით. განმეორების შემთხვევაში – 10000 ლარის ოდენობით.

წამახალისებელი გათამაშების მოწყობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვის გარეშე გამოიწვევს მომწყობის დაჯარიმებას 20 000 ლარით. განმეორების შემთხვევაში – 40 000 ლარით.

შეგახსენებთ, რომ ასევე ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობის ასაკობრივი ცენზი 21 წლამდე იზრდება.

იტვირთბა....