“რამდენად კარგი შედეგია „ევროპული საქართველოსთვის“ ათნახევარი პროცენტი ადგილობრივ არჩევნებზე?”- ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:
“რაკი ეს პირველი არჩევნებია ნაცმოძრაობის გაყოფის შემდეგ, ბუნებრივია, რომ ორივე მხარე ერთმანეთს ეჯიბრებოდა არანაკლებ, ვიდრე მმართველ პარტიას (თუმცა ამის აღიარება არც ერთს არ აძლევს ხელს). ამ ეტაპზე ეს ემოციურად სრულიად გასაგებია, თუმცა სამომავლოდ არაპროდუქტიული: ეს არის ორი პარტია საერთო წარსულით, მაგრამ განხვავებული მომავლით.
ამ კონტექსტში, ბუნებრივია, შედეგი გარკვეულ მორალურ კმაყოფილებას ანიჭებს „ევროსაქებს“, რადგან ამსხვრევს ნაცმოძრაობის ოფიციალურ მესიჯ-ბოქსს: არავითარი გაყოფა არ მომხდარა, პარტიას „მცირე ჯგუფი“ გამოეყო. ან, მიხეილ სააკაშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, მოხდა პარტიის „გასხვლა“, მას ზედმეტი ტოტები მოაჭრეს, რის შემდეგაც ორგანიზმი უფრო გაჯანსაღდა. აღმოჩნდა, რომ ასე არ ყოფილა. ზუსტად ვერავინ ამტკიცებს, რომ ორივე პარტიის მიერ ჯამში აღებული 27.5% იმავე ამომრჩევლიდან მოდის, ვინც შარშან საპარლამენტო არჩევნებზე ერთიან პარტიას მისცა ხმა, მაგრამ თუ პირობითად დავუშვებთ, რომ ეს ასეა, „მცირე ჯგუფს“ ერთ მესამედზე მეტი წაუღია.
მაგრამ ცხადია, რომ ერთმანეთთან შეჯიბრი წარსულზე ორიენტაციას ნიშნავს, ეს კი არაპროდუქტიულია. თავის დროზე, მეც, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრემ, განვიცადე ამ პარტიის დაშლა, მაგრამ ახლა უნდა მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი და დავამთავროთ უპერსპექტივო დავა, ვისი ბრალი იყო გაყოფა. ორივე პარტიამ მომავალზე უნდა იფიქროს.
ამ კუთხით, 10.5 პროცენტი ბევრი არაა, რადგან ამით მმართველ პარტიას ვერ დაამარცხებ, და ვერც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნი. არსებობს ბუნებრივი სკეპტიციზმი: რა მერე, რომ პარტიამ ათ პროცენტზე ცოტა მეტი აიღო? რამდენად ცვლის ეს საერთო სურათს „ოცნების“ სრული დომინირების პირობებში?
პასუხი დამოკიდებულია იმაზე, საერთოდ როგორ წარმოგვიდგენია მომავალი. თუ წარსულ გამოცდილებას დავეყრდნობით, ადრე თუ გვიან უნდა ჩამოყალიბდეს ერთი დიდი საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ოცნებას რაღაცნაირად ჩამოაგდებს (არჩევნებით ან რევოლუციური გზით). ამას ვერ გამოვრიცხავ, თუმცა, თუ ასე იქნება, ასეთ მოძრაობას, დიდი ალბათობით, ახალი ლიდერები (ან ახალი გამოჩენილი ლიდერი) ეყოლება, და ესენი ნაციონალური მოძრაობის არც ერთი ნაწილიდან არ მოვლენ, იმიტომ რომ ნაციონალები „ერის გამაერთიანებლებად“ აღარ გამოდგებიან. მაგალითად, უკრაინის მეორე რევოლუციის დროს წინა რევოლუციის გმირების – იუშჩენკოს, ტიმოშენკოს – გაგონება არავის უნდოდა. მოკლედ, თუ მომავალი საერთო-სახალხო საპროტესტო მოძრაობისაა, ევროსაქების პერსპექტივა არც ისე სახარბიელოა (ვშიშობ, არც მიშაზე ჩამოკიდებული ნაცმოძრაობის).
მაგრამ ისიც ვიცით, რომ ისტორია არ მეორდება. არავის დაუდგენია, რომ მუდამ წრეზე უნდა ვიტრიალოთ. არსებობს სხვა ვარიანტიც: წინააღმდეგობა პლურალისტურიც იყოს, როდესაც არსებობს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებას სხვადასხვა მხრიდან ავიწროებს და საბოლოოდ უმცირესობაში გადაყავს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე თუნდაც გადავადებული გადასვლა ასეთი სცენარის ალბათობას ზრდის. არ ვამბობ, რომ ასე იქნება, მაგრამ ასეთი რამეც შესაძლებელია, და ამ სცენერისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. თუ პერსპექტივაში მოვლენები ამ მიმართულებით განვითარდა, „ევროპული საქართველო“ ერთ-ერთი საკვანძო, თუმცა არა აუცილებლად დომინანტი მოთამაშე შეიძლება გახდეს. ყოველ შემთხვევაში, არჩევნებმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე ის ასეთი სცენარისთვის ყველა სხვაზე უფრო მზადაა.”-წერს ნოდია.
ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 56,75 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
ამ დროისთვის 3644 უბნიდან 1886 უბნის მონაცემებია დათვლილი.
პარტიებს შორის ხმების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 411 ხმა (0,06 %),
„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 73 811 (10,31%),
„დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“ – 18 331 (2,56 %),
„გ.დ.მ.“ – 541 (0.08 %),
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 115 288 (16,11 %),
„რესპუბლიკური პარტია“ – 4 623 (0,65 %),
„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – 1040 (0,15%),
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 49 063 (6,86%),
„მემარცხენე ალიანსი – 556 (0,08 %),
„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 23 042 (3,22 %),
„ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 93 (0,01 %),
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 242 (0,03 %),
„მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 339 (0,05%),
„საქართველო“ – 772 (0,11 %),
„ტრადიციონალისტები“ – 85 (0,01%),
„შენების მოძრაობა“ – 6 751 (0,94 %),
„ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 149 (0,02%),
„გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ – 7 543 (1,05 %),
„ზვიადის გზა“ – 425 (0,06 %),
„ახლი მემარჯვენეები“ – 41 (0,01%),
„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ – 3 874 (0,54 %),
მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ 107 (0,01%),
„სოციალისტური საქართველო-კომუნისტები“ – 423 (0,06%),
„სახალხო – ხალხის ერთსულოვნება“ – 1002 (0,14 %),
„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 1022 (0,14 %),
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 406 144 (56,75 %).