რამდენიმე დღის წინ ნუცუბიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა:
“არ ვიცი პროკურატურა რას ამბობს, მაგრამ ჩვენ მივაწოდეთ მათ ჩანაწერები. როგორც ჩემთვის ცნობილია, კადრებში არ არის ასახული დაკავების პროცესი. მხოლოდ დაკავებულის ცუდად გახდომის მომენტი ჩანს. რატომ არ ასახავს ჩანაწერი, უშუალოდ დაკავების პროცესს, ამაზე უნდა მოხდეს საქმეში მონაწილე სამართალდამცველების გამოკითხვა. კადრები გასაჯაროვდება მხოლოდ მაშინ, როცა გამოძიება ამას ჩათვლის საჭიროდ. ინფორმაცია, რომ უშუალოდ ამ ინციდენტის ამსახველი ჩანაწერები არ არსებობს, ტყუილია.”- განაცხადა ხუციშვილმა.
25 ოქტომბერს, ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი იმ დროს გარდაიცვალა, როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. პროკურატურის განცხადებით, სამხრე კამერების ჩანაწრები არ არსებობს. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

