იუსტიციის მინიტრი არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“მე დღეს ჩემი არჩევანი გავაკეთე და, როგორც 2012 წელს, შემოვხაზე 41. ეს ის ძალაა, რომელიც ბევრს მუშაობს, ბევრს აშენებს, მათ შორის კანონებით, ბევრს აუმჯობესებს, ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, გზას ხსნის ევროპისკენ და, მისდამი მრავალი მწვავე კრიტიკისა და დაუმსახურებელი აგრესიის მიუხედავად, ბოლომდე უზრუნველყოფს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მაღალ ხარისხს. დიახ, კვლავ არსებობს ბევრი პრობლემა, სოციალური პირველ რიგში, მაგრამ 41 ის ძალაა, ვინც ქვეყანაში რეფორმები გაატარა და ატარებს, მოსამართლე და პროკურორი პარტიისგან გაათავისუფლა, მოგვცა ევროპასთან უვიზო რეჟიმი,
და ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ 4 პროცენტიანი, ზოგიერთი ძლიერი სახელმწიფოსთვისაც წარმოუდგენელი, ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო. ჰოდა, ამიტომ.
ეს არჩევანი გავაკეთე და უბნიდან ქუჩაში ორ ქალბატონთან ერთად ბაასით გამოვედი თუ არა, წინ ამეტუზა, მოფერებით ვიტყვი, ნაცულიკების (ძველის თუ ძალით გაპატიოსნებულის, რა მნიშვნელობა აქვს) წარმომადგენელ/დამკვირვებელი გულზე დიდი „ბეჯით“. გამეცნო. ქალბატონი იმ გიორგი ცააძის და აღმოჩნდა, რომელმაც კორტებთან ვაზაგაშვილს ესროლა და თუ სწორად მახსოვს, უბრალოდ კი არ ესროლა, არამედ საკონტროლო დაახალა.
მან დაიყვირა: „უსინდისოებო, ნაძირლებო, რატომ გიზით ჩემი ძმა ციხეში?!“ და დაამატა: „თქვენ კი ის ქალი ხართ, რომელმაც ჩემი ძმის წინააღმდეგ იუსტიციის სახლთან მემორიალი დადგით“.
„მემორიალი დაიდგა და არ მოიხსნება, სანამ მე ვარ მინისტრი“ – მივუგე მშვიდად. ამ ნათქვამმა ის უბრალოდ კი არ გააღიზიანა, მან ძაგძაგით დაიწყო კივილი, ამბობდა, რომ ჩვენ (აქეთ ჩვენ) ვართ უსინდისოები, რადგან მისი უმწიკვლო ძმა არ უნდა იჯდეს ციხეში. შევეცადე მშვიდად ამეხსნა, რომ მოსამართლემ სხვაგვარად ჩათვალა და მისი ძმა ორივე ინსტანციამ დამნაშავედ ცნო.
ვამბობ ამას და ვხედავ, რომ ის ისევ „კივა“.
„ბიჭებს რომ ქუჩაში ხოცავდით, მაშინ რატომ არ ისმოდა თქვენი კივილი?“ – პირველი ოქტომბრის ხმით დავიღრიალე. და მორიგჯერ მივხვდი, რომ თავშეკავებას, მუდმივად ძველის გახსენების ნაცვლად მომავლისკენ მზერას, მოკრძალებას სახელად „საქმე ხომ ისედაც ჩანს“ და ამგვარ რამეებს, რასაც „ოცნება“ ქადაგებს, მგონი ჯერ კიდევ არ აქვს გასავალი.
რაკი ამ ყველაფერს ჯერ კიდევ არ აქვს გასავალი, მაშინ ასე ვიტყვი, ეს ხომ ჩემი პირადი გვერდია:
ერთი 1 ოქტომბერს დაგვაჭერით მე და ჩემიანებს 140 000 ამომრჩევლიან ურთულეს ნაძალადევში დიდი ხახვი, და ახლა დამოუკიდებელი მოსამართლის მიერ მოსჯილ დამსახურებულ სასჯელს რომ მოიხდით წლების მერე, მეორე დიდი ხახვი იქონიეთ თან, იუსტიციის სახლის წინ მემორიალთან დასაჭრელად გამოგადგებათ. ეს იცით სადაა? აი, იქ სადაც კორტები გაუჩეხეთ თბილისს, სადაც ახალგაზრდები ჩაცხრილეთ და სადაც მერე სანთლებს და ყვავილებს უნადგურებდით იურა ვაზაგაშვილს, შვილის სიკვდილის ადგილას რომ მიჰქონდა ყოველ დღე!
არა, დღეს თქვენ ხმა კვლავ არ უნდა მოგცეთ ხალხმა.
დღეს კორტებგაჩეხილი თბილისი კახიმ უნდა გადაიბაროს.” – წერს წულუკიანი.
დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.
თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შედეგებს არაუგვიანეს 9 ნოემბრისა თავად ცესკო შეაჯამებს.
იმ შემთხვევაში თუ მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს ხმათა 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებენ, ცესკო გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად მეორე ტურს დანიშნავს. მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება 16 ნოემბრამდე, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა.