ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მე არ მქონია დასვენების არც ერთი დღე”

დავით ნარმანია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან მომავალ მერს წარმატებები უსურვა და გვერდში დგომა კიდევ ერთხელ დაუდასტურა. არჩევანის გაკეთების შემდეგ მოქმედმა მერმა განცხადება გააკეთა:

„მე არ მქონია არც ერთი დასვენების დღე, ღამე გვიანობამდე ვმუშაობდი და დილას ადრე ვიწყებდი საქმეს, რომ დრო არ დაგვეკარგა. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი, ძალიან დატვირთული პერიოდი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმის კეთების პერიოდი და ასევე, უამრავი გამოწვევებით სავსე პერიოდი. ჩემი მმართველობის დროს დაემთხვა, სამწუხაროდ, თბილისის სტიქია, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი და რესურსი წაგვართვა. ამ პერიოდში ჩვენ მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა და საბოტაჟისა მოვახერხეთ ის, რომ ბევრი კარგი საქმე გაგვეკეთებინა, საგზაო ინფრასტრუქტურა მოგვეწესრიგებინა, 12 ახალი ბაღი აგვეშენებინა, 143 ახალი ავტობუსი შემოგვეყვანა, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი გაგვეკეთებინა და ძალიან ბევრი ისეთი საქმე გაგვეკეთებინა, რომელიც დღეს სახეზეა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე მომავალში კიდევ უფრო მეტად და აქტიურად გამოჩნდება“, – განაცხადა ნარმანიამ.

ნარმანიამ 3 წლიანი მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ 3 წელი მოკლე პერიოდი იყო „ქართულმა ოცნების“ უამრავი დაპირებების შესასრულებლად, მაგრამ მათი აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია.

„მე შემიძლია, მხოლოდ ორი, სამი რამ გამოვყო, რომელიც რესურსების სიმწირიდან გამომდინარე ვერ მოვასწარი, თუმცა ინიცირებული მაინც არის. მათ შორის, არის ახალგაზრდული ცენტრის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს დავპირდი და მისი მშენებლობა ვერ მოვახერხე. თუმცა პროექტი მზად არის, ტერიტორია გამოყოფილია და ეს პროექტი მაინც გაკეთდება“, – განაცხადა ნარმანიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....