ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცესკო ოპოზიციის პრეტენზიებს პასუხობს

ცენტრალურმა საარჩვენო კომისია განცხადებას აკეთებს ოპოზიციის პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომ გარკვეული პირები არჩევნებზე მისულ ადამიანებს აღრიცხავენ.

ცესკოს განცხადებით დამკვირვებლებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება:

“ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში შემოდის სატელეფონო შეტყობინებები, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაკეთდა განცხადება, რომ საარჩევნო უბნებში სხვადასხვა სუბიექტების წარმომადგენლების და დამკვირვებლების მიერ ხდება მონაწილე ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმება რეგისტრატორებთან, ამომრჩეველთა სიიდან მათი მონაცემების, კონკრეტულად – სიაში რეგისტრაციის ნომერის ამოწერა/დაფიქსირება.

ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დამკვირვებლებს და ასევე სუბიექტების წარმომადგენლებს, რომლებიც სარგებლობენ იმავე უფლებებით, შეუძლიათ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში შეუზღუდავად გადაადგილდნენ და დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან.

ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის სახელი, გვარი და ასევე სიაში რეგისტრაციის ნომერი მიეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, დაკვირვების უფლების მქონე პირებს არ ეკრძალებათ კენჭისყრის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე, ამომრჩევლების შესახებ საჯარო ინფორმაციის გადამოწმება. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია არ შეზღუდოს დაკვირვების უფლების მქონე პირების კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება.

ამის მიუხედავად, მივმართავთ უბანში მყოფ დამკვირვებლებს, სუბიექტების წარმომადგენლებს, საკუთარი საქმიანობა განახორციელონ საარჩევნო პროცესისა და საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელისშეშლის გარეშე და არ გასცდნენ კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.”- აღნიშნეს ცესკოში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....