ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კობახიძე: თბილისის სიყვარულით გაკეთებული არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს დედაქალაქს

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საკუთარი არჩევანი N2 ვაკის ოლქის N53 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. ის საარჩევნო უბანზე შვილებთან ერთად მივიდა.

„ჩვენ გავაკეთეთ დღეს ჩვენი არჩევანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ხმა მივეცით იმ კანდიდატს, რომელსაც შეუძლია განვითარების სულ სხვა დონეზე აიყვანოს ჩვენი ქალაქი და გახადოს ეს ქალაქი ისეთი, როგორიც გვინდა თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თბილისელს. ჩვენთვის მთავარია თბილისის განვითარება. დღევანდელი არჩევანი ჩვენ გავაკეთეთ თბილისის სიყვარულით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი უზრუნველყოფს ბევრად უკეთეს თბილისს“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის შეფასებით, არჩევნების დღემდე ყველაფერი წარიმართა მშვიდ და სამართლიან გარემოში.

„დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღეც ჩაივლის ასე, თუ თითოეული საარჩევნო სუბიექტი, თითოეული პარტია მიუდგება ამ არჩევნებს სათანადო პასუხისმგებლობით, ბუნებრივია, თავიდან იქნება არიდებული ყოველგვარი ინციდენტები და ყველაფერი ჩაივლის აბსოლუტურად მშვიდ და სამართლიან გარემოში. ჩვენი პარტია ამისათვის ყველაფერს გააკეთებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს, 4 წლის ვადით აირჩევენ.

საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება, რაც ხმების დათვლის პროცედურით გაგრძელდება.

იტვირთბა....