ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კუკავა: დღემდე არ მოიძებნა ქუჩა, რომელსაც ზვიად გამსახურდიას სახელს უწოდებდნენ

ბლოკი “დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ, ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში იუსტიციის სახლთან გამართულ აქციაზე ისაუბრა:

“საკრებულოს გადაწყვეტილებით, სანაპირო ოფიციალურად ზვიად გამსახურდიას სახელობისაა. თუმცა აბსოლუტურად ყველა შენობას, მათ შორის სახელმწიფო უწყებებს, მითითებული ჰქონდა დღემდე სანაპიროს ქუჩა. სახელი ზვიად გასახურდია არის აკრძალული. ეს კეთდებოდა სააკაშვილის მმართველობის წლებში, პირადად, სააკაშვილის განკარგულებით. დღეს კი ხდება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. ჩვენ მოვიტანეთ სწორი აბრა, რომელიც იუსტიციის სახლზე დავამონტაჟეთ და იმავეს ვაპირებთ კულტურის სამინისტროზეც.

ზვიად გამსახურდიას სახელს თუ რატომ ებრძვის სახელმწიფო, ეს კარგად ახსოვს ჩვენს ტელეაუდიტორიას. ყველამ კარგად იცის. მასთან ერთად არის არამარტო მისი სახელი, არამედ ის ფასეულობებიც აკრძალული, რისთვის ბრძოლასაც შეეწირა. ქალაქში სადაც გვაქვს ჰოლბრუკის ქუჩა, ბუშის ქუჩა, რეიგანის ძეგლი, პოლიტკოვკაიას ქუჩა, ალიევის სანაპირო და უამრავი სხვა, დღემდე არ მოიძებნა ერთი პატარა ნაგლეჯი ქუჩისა, ერთი პატარა სკვერი და აბრა, ზვიად გამსახურდიას სახელზე რომ გაეკეთებინათ,” – განაცხადა კახა კუკავამ.

მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე თურქულ-არაბულ კვარტალს და აღნიშნა, რომ აღმაშენებლის გამზირი დუბაის ან სტამბულის ცენტრს უფრო ჰგავს, ვიდრე- საქართველოს დედაქალაქს.

“ვიღაცას შეიძლება საოცნებოდ აქვს თბილისი დუბაის დაემსგავსოს, მაგრამ მოიძებნება ბევრი ადამიანიც, რომლებმაც იციან ისტორია და ევროპულ არხებს უყურებს. კარგად იციან, თუ რა უბედურება მოუტანა ევროპულ ქალაქებს არალეგალურმა იმიგრაციამ. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არჩევნების შემდეგ იქნება არალეგალი იმიგრანტების დეპორტაცია კანონის ფარგლებში და ისე, როგორც ყველა ევროპულ ქალაქში, ჩვენთანაც, საჯარო სივრცეებში, რელიგიური ტანსაცმლით სიარული უნდა აიკრძალოს.” – აღნიშნა კუკავამ.

შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატარდება.

იტვირთბა....