პარტია “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გიგი უგულავას კომენტარზე, რომ პრორუსული პარტიების გარდა მზად არიან ყველას მისცენ ხმა მეორე ტურში, თუ მეორე ტური შედგება, ხოლო ერთ-ერთ პრორუსულ პარტიაში სწორედ “დემოკრატიული მოძრაობა” იგულისხმა, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ უგულავას მხარდაჭერა არ დასჭირდება:
“რომ გითხრათ, რომ უგულავას აზრი მაინტერესებს და მისი მხარდაჭერა მინდა-მეთქი, მოგატყუებთ. არ მაინტერესებს გიგი უგულავას, გიგა ბოკერიას და მისი პარტიის აზრი, რომლებიც ჯიბეში ჰყავს ბიძინა ივანიშვილს. ყველაფერი იმის შემდეგ, რაც უგულავას თავს გადახდა, მას კიდევ ჰქონდა შანსი ღირსეულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო. რატომ გადაწყვიტა ადამიანმა, რომ რამდენიმე წელი ციხეში მჯდარიყო და მერე ნაადრევად გამოსვლის გამო ბიძინა ივანიშვილის ჯიბეში ჩამჯდარიყო, ეს მისი გადასაწყვეტია და ამაზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. უგულავას და მისი მეგობრების და მისი პოლიტიკური ძმების ანტირუსულმა პოლიტიკამ ის გამოიწვია, რომ გუშინწინ როცა გორში ვიყავი, კილომეტრნახევარი იყო იმ სოფლიდან ე.წ. საზღვარი, რომელიც 2008 წლამდე გაცილებით შორს იყო, ვიდრე კილომეტრნახევარია. ” – განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძემ ასევე საარჩევნო პროგნოზებზე გააკეთა კომენტარი:
“თუ ასე გააგრძელებს “ქართული ოცნება” და თუ ამ არჩევნებშიც საზოგადოებას დაანახებს, რომ საქართველოში არჩევნებს აზრი არ აქვს, ხვალ თუ არა ზეგ, ზეგ თუ არა მაზეგ, აუცილებლად დამთავრდება ქუჩის აქციებით და ეს ხელისუფლებაც დაამთავრებს ისე, როგორც დაამთავრეს წინა ხელისუფლებებმა. არავითარი შანსი პირველ ტურში გასვლის კახი კალაძეს არ აქვს. რატომ არის ასეთი ტრაგედია ქვეყანაში, რომ ნორმალურად ჩაითვალოს მეორე ტური? ჯანსაღი კონკურენცია იყოს? რატომ არის აუცილებელი, რომ კალაძემ გაიმარჯვოს პირველ ტურში ხელისუფლების გადმოსახედიდან? იმიტომ რომ მათ არ აქვთ მეორე ტურში თავისი თავის იმედი. ამიტომ უნდა ჩაირთოს ყველა მაქინაციები, რომ კალაძემ პირველ ტურში გაიმარჯვოს.” – აღნიშნა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.