საქართველოში საწვავის ხარისხის მხრივ პრობლემა ისევ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ხარისხის სტანდარტი არსებობს და ეკოლოგიური უსაფრთხოების მიმართულებითაც აქტიურობა შესამჩნევია, ვითარება არასახარბიელოა. სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ფალსიფიკაციის საფრთხე რეალურად არსებობს. არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივ ტერმინალებსა და ბენზინგასამართ სადგურებში განთავსების შემდეგ მიზანმიმართულად ხდებოდეს საწვავის ხარისხის შეცვლა.
ქვეყნის ეკოლოგიური დაბინძურების მაღალი დონე სწორედ საწვავის ხარისხს უკავშირდება. როგორც ეკოლოგები განმარტავენ, დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კატასტროფულად მაღალია, რაც უმეტესწილად, ავტომობილების გამონაბოლქვით არის გამოწვეული.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტი დიმიტრი შენგელია საწვავის ფალსიფიკაციის საფრთხეზე საუბრობს. მისი შეფასებით, საწვავის სტანდარტის მოთხოვნიდან მცირედი, თუნდაც ერთი პარამეტრით შეცვლა, ავტომობილის ძრავას მწყობრიდან ნაადრევად გამოსვლასა და გარემოს დაბინძურებას იწვევს.
“ატმოსფეროს დაბინძურებამ, საქართველოს მასშტაბით, ეკოლოგების ყველა პროგნოზს გადააჭარბა. საორიენტაციო მონაცემის თანახმად, გარემოში ყოველწლიურად გამოიყოფა ათასობით ტონა მავნე ნივთიერება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ავტოპარკის ტექნიკური მდგომარეობისა და საწვავის ხარისხის გაუმჯობესება, როგორც ეს ევროპის ქვეყნებშია. როგორი მაღალი ხარისხის საწვავიც არ უნდა გამოვიყენოთ ტექნიკურად გაუმართავ მანქანაში, ეკოლოგიური თვალსაზრისით, სასურველი შედეგი არ გვექნება.
უმნიშვნელო ცვლილებამაც კი შეიძლება, მანქანის ძრავა ნაადრევად გამოიყვანოს მწყობრიდან და გარემოს დაბინძურება გამოიწვიოს. განვითარებულ ქვეყნებში ასეთი საწვავის რეალიზაცია აკრძალულია. ამიტომ სასაქონლო მოტორული საწვავის ყველა ცალკეული პარამეტრისთვის უნდა მოინახოს ფიზიკურ-ქიმიურ და ექსპერიმენტალურ თვისებებთან ურთიერთკავშირის ოპტიმალური დონე.
როგორც წესი, საქართველოში სხვადასხვა კატეგორიის საწვავი შემოაქვთ. იმპორტირებისა და ხარისხის სერტიფიცირების შემდეგ მათ ათავსებენ ტერმინალებსა და ავტოგასამართ სადგურებში, სადაც სავსებით შესაძლებელია საწვავის ხარისხის შეცვლა. ამიტომ რეალიზაციამდე უნდა განხორციელდეს მათი ანალიზი სტაციონარულ ლაბორატორიაში”, – განმარტავს დიმიტრი შენგელია.
ექსპერტის რეკომენდაციაა, გულდასმით მოხდეს საავტომობილო პარკის ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა, ვინაიდან საქართველო არ აწარმოებს ავტომობილებს და ქვეყნის მოთხოვნილების დაკმაყოფილება ხდება, ძირითადად, უცხოეთიდან შემოტანილი მეორეული ავტომობილებით, რომელთა რაოდენობაც საერთო რაოდენობის 80%-ია.
სრულად: resonancedaily.com

