ახალი ამბები

“აქციები უვადოდ გაგრძელდება”: სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში გამართულ აქციაზე, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს, ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა. ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” იუწყება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ პარლამენტი დღის ბოლომდე კანონს არ მიიღებს დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმების შესახებ, აქციები უვადოდ გაგრძელდება. ათასობით მოქალაქე დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვს.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მასში დაახლოებით 5000 ადამიანი მონაწილეობს.

მიმდინარე აქციაზე კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აქციებს გაგებით ეკიდება და ის პატივს სცემს დემონსტრანტებს. მან სამართალდამცველებს სთხოვა, აქციის მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყონ.

“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის დაშვება, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკანებმა ტრაგიკული მოვლენები გაიმეორონ, რომელიც 31 აგვისტოს მოხდა და რის შედეგადაც ეროვნული გვარდიის ოთხი წევრი დაიღუპა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

აღნიშნულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, პოლიციამ სამთავრობო უბანში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გააძლიერა და ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტა.

იტვირთბა....