“ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანას სამარცხვინო ხელისუფლება ჰყავს, რომელიც სამარცხვინო გადაწყვეტილებას იღებს. მისი თქმით, ამას არ მოითმენს თბილისი. ამის შესახებ, მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისის საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
„ისევ ისეთი მარაზმი ხდება, რაც თბილისის მერიასთან მოხდა. ქუჩაში დგომის საშუალებასაც არ გვაძლევენ. არავის მივცემთ უფლებას, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღონ. ეს ტერიტორია თბილისს უნდა დარჩეს. 16:00 საათზე დაიწყება ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი ამ უკანონობის მიმართ. ეს არის სამარცხვინო ხელისუფლების სამარცხვინო გადაწყვეტილება. ამას არ მოითმენს თბილისი. პირობას ვაძლევთ, რომ ამაზე მეტი ადამიანი გამოვა. ჩვენი იარაღი ხმამაღალი პროტესტია და ბოლომდე გამოვიყენებთ ყველა კანონიერ უფლებას“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული, რაც სავარაუდოდ, ოპოზიციის დაანონსებულ აქციას უკავშირდება. დილით, “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი საკრებულოში პოლიციამ არ შეუშვა. რატიანი განმარტავს, რომ სამართალდამცველები უკანონო ბრძანებას ასრულებენ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა “თბილისი გადაიფორმოს”.
ამასთან, დღეს საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, რომელზეც სხვადასხვა საკითხთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი საკითხი თაბორის მთაზე 5 ათასი კვადრატული მეტრისა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1900 კვადრატული მეტრის სტატუსშეცვლილი ტერიტორიების კონკრეტული კომპანიებისთვის გადაცემაზე უნდა იმსჯელონ.
საკრებულოს სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული, კომისიები კი 10:30 საათიდან იწყება.
საკრებულომ ორ ტერიტორიას ზონალური სტატუსი გასულ კვირას შეუცვალა. პუშკინის სკვერის მიმდებარედ, 1900 კვადრატულ მეტრზე მიწისქვეშა პარკინგის ასაშენებლად, თაბორის მთაზე 5000 კვადრატულ მეტრზე კი რეკრეაციული ზონის მოსარწყავად საჭირო საირიგაციო სისტემის განსათავსებლად. ამ ცვლილებას ოპოზიცია აპროტესტებს.