ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ცხინვალის რეგიონი რუსეთის კვოტებს კარგავს

წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის მიერ დაწესებული 64 კვოტის სრული ათვისება არ მოხერხდა. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ 51 აბიტურიენტმა ისურვა სწავლის გაგრძელება. ინფორმაციას ცხინვალის ადგილობრივი მედია დე ფაქტო განათლების მინისტრზე ნატალია გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გასიევა, ასევე, აცხადებს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ოკუპირებული რეგიონი ყოველწლიურად კარგავს კვოტებით გათვალიწინებულ ადგილებს, რადგან რუსეთის უმაღლესი სასწავლებლებიდან „თანამშრომლობის“ ხაზით გამოყოფილი ადგილები წინასწარ განსაზღვრული და ფიქსირებული არ არის.

არსებობს სამი სპეციალური მოთხოვნა, რომელთაც აბიტურიენტები რუსეთთან „თანამშრომლობის“ ფარგლებში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდნენ. ესენია: აბიტურიენტი მინიმუმ სამი წლის განმავლობაში უნდა სწავლობდეს ოკუპირებულ რეგიონში, 5-ქულიან ატესტატს უნდა ფლობდეს და ე.წ. რესპუბლიკურ ოლიმპიადებში მონაწილეობის დამადასტურებელი დიპლომები უნდა გააჩნდეს.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უნივერსიტეტში წელს 300 აბიტურიენტი ჩაირიცხა, ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლეს სასწავლებელში კი რეგიონიდან წასულია 31 აბიტურიენტი.

დე ფაქტო განათლების უწყება, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული აბიტურიენტებისა და სტუდენტების სწავლის პროცესსაც თვალს ადევნებს. უწყების განცხადებით, დამაკმაყოფილებლად ახალგაზრდების მხოლოდ ნაწილი სწავლობს.

იტვირთბა....