ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილის მეუღლეს რუსი ბიზნესპარტნიორები ჰყავს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის მეუღლე ბიზნესს რუს პარტნიორებთან ერთად აწარმოებს – ამის შესახებ ინფორმაციას, ინტერნეტ გამოცემა “reginfo” ავრცელებს.

გამოცემის ინფრომაციით, ირაკლი სესიაშვილის მეუღლე თინათინ კიკილაშვილი კომპანია „ტერმინალ ლაბ ბერსას“ მეწილეა, სადაც საკონტროლო პაკეტს რუსეთის მოქალაქეები ბეკხან ალიევი და ირინა კოვალენკო ფლობენ.

“შპს „ტერმინალ ლაბ ბერსა“ 2015 წლის 7 აპრილს შეიქმნა. კომპანიის კაპიტალის 60 %-ის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ალი მარაევი იყო, ხოლო 20 – 20 პროცენტს ფლობდნენ საქართველოს მოქალაქეები დავით მიგრიაული და ჯაბა ჩართოლანი.

2017 წლის 11 მაისს დადებული გარიგებების საფუძველზე, აღნიშნულმა ბიზნესმენებმა საკუთარი წილები სხვა პირებს 10 ლარის გადახდის საფასურად დაუთმეს. გადანაწილების შედეგად, კომპანიის 37 % წილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქის ბეკხან ალიევის საკუთრებაში გადავიდა, 37 %-ის მფლობელი ირინა კოვალენკო გახდა, ხოლო 10 %-ისა – თინათინ კიკილაშვილი. კაპიტალის დანარჩენი 16 % დავით მიგრიაულის საკუთრებაში დარჩა.

წესდების თანახმად, „ტერმინალ ლაბ ბერსას“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: საბაჟო ზონის და ლაბორატორიის შექმნა, ექსპორტი, იმპორტი, გადაზიდვები და ტერმინალი. კომპანიას ეკუთვნის საბაჟო ტერმინალთან არსებული ლაბორატორია, რომელიც საგზაო ბიტუმის გამოცდას თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს.

ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა. იგივე თანამდებობა ეკავა მას წინა მოწვევის პარლამენტშიც. ის თანამდებობრივად არის იმავე კომიტეტში არსებული ნდობის ჯგუფის წევრი.

კანონის თანახმად, პარლამენტის ნდობის ჯგუფი ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სპეციალური პროგრამებისა და საიდუმლო საქმიანობის (მათ შორის, საიდუმლო შესყიდვების) კონტროლს. მის უფლებამოსილებებში შედის ასევე ფარული მეთვალყურეობის საკითხებზე ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობის შემოწმება”.- წერია “reginfo”-ს მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში.

იტვირთბა....