ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილება: დავით ხარშილაძეს ნარკოტიკული ნივთიერება სამართალდამცავებმა ჩაუდეს

სასამართლოს განაჩენით, რომელიც გუშინ ელისო კილაძის შვილს ჩაბარდა, მტკიცდება, რომ დავით ხარშილაძის დაკავება მასზე ზეწოლის მიზნით მოხდა და მას ნარკოტიკი ჩაუდეს, -ამის შესახებ განცხადება “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა, ელისო კილაძემ გააკეთა.

კილაძე შს მინისტრის და სოსო გოგაშვილის გადადგომას ითხოვს:

„გუშინ ჩვენ ჩაგვბარდა ჩემი შვილის, დავით ხარშილაძის დასაბუთებული განაჩენი. როდესაც ჩვენ საპროტესტო აქციებს ვმართავდით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ ვაწყობდით სპექტაკლებს დამნაშავეების გადასაფარად. სპექტაკლი მოაწყეს შს სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. განაჩენში ნათქვამია, რომ დავით ხარშილაძე მის დაკავებას ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. მნიშვნელოვანი ფაქტორებია, ის რომ დავით ხარშილაძემ ბოლომდე შეინარჩუნა თავისი პოზიცია, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა ჩაუდეს. მიუხედავად ზემოთქმულისა, საგამოძიებო ორგანოებმა ნაცვლად იმისა რომ ბრალდებულის ნათქვამის გასაბათილებლად გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩაეტარებინათ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები და მოეპოვებინათ დამატებითი მტკიცებულებები, შემოიფარგლნენ მხოლოდ იმ 3 მოწმის ჩვენებებით, რომელსაც დავით ხარშილაძე ნარკოტიკების ჩადებაში ამხელს. ბრალდების მხარემ დამაჯერებლად ვერ ახსნა თუ რატომ მალავდა გამოძიება იმ პოლიციელებს, რომლებიც არცთუ მწირე ინფორმაციას ფლობდნენ აღნიშნულ ფაქტთან დაკაშირებით. ბრალდებამ ვერ ახსნა რისთვის იყო საჭირო, პირის, რომელსაც მხოლოდ ნარკოტიკების შეძენა-შენახვას აბრალებდნენ და არა გასაღებას, დასაკავებლად უპრეცენდენტო რაოდენობის პოლიციელების მობილიზება. დაკავების ადგილზე იმყოფებოდა მთლიანი განყოფილება. აღნიშნული ფაქტორი აჩენს კითხვებს საგამოძიებო ორგანოს არაკომპეტენტურობის ანდა ბრალდებულის მიმართ გარკვეული დაინტერესების შესახებ. მოწმე პოლიციელების ზაქარია ვასაძის, ზაზა ჯახველაძის ჩვენებით, ისევე როგორც ბრალდებულისა და მოწმე შორენა ლალიაშვილის ჩვენებით, სასამართლო ადგენს რომ დაკავების ადგილზე იმყოფებოდნენ მოქალაქეები და მათი თვალთახედვის არეში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიებამ ეს ნეიტრალური პირები არ დაკითხა.

გამომდინარე აქედან, მე კატეგორიულად ვითხოვ თანამდებობა დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომლის სამინისტროშიც მოხდა მსგავსი უკანონობა და ეს სასამართლოს განaჩენით არის დადასტურებული. ასევე თანამდებობა უნდა დატოვოს იოსებ გოგაშვილმა, რომელიც იყო ამ ოპერაციის არაოფიციალური ხელმძღვანელი და დამგეგმავი. ინიციატორი იმისა, რომ ჩემი შვილის დაკავება ჩემზე ზემოქმედების მიზნით მომხდარიყო. ჩამდები პოლიციელები: რამაზ თარაშვილი, ვალერიან ჩიბირაშვილი, ზაქარია ვასაძე უნდა იქნან კანონის მთელი სიმკაცრით დასჯილი. ჩვენ ამ განაჩენს გავუგზავნით შსს და თუ სამინისტრო არ დაიწყებს გამოძიებას ამ ჩამდები პირების წინააღმდეგ, ბუნებრივია ის არის ამ პროცესის თანამონაწილე და მას როგორც პოლიტიკურ ფიგურას ეკისრება პასუხისმგებლობა. ჩვენ ვიდავებთ სახელმწიფოსთან იმ ზიანზე, რომელიც ჩემს შვილს და ოჯახს მიადგა 120 დღიანი პატიმრობით. ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა არ აგნადგურდეს მტკიცებულებები. დასადგენია იმ ნარკოტიკის წარმომავლობა რომელიც პოლიციელებმა ჩემს შვილს ჩაუდეს, ეს არის შეძენილი პოლიციელების მხრიდან თუ სხვა სისხლის სამართლის საქმის ნივთმტკიცება.”-განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა.

მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა.

იტვირთბა....