პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მმართველ გუნდთან პრეზიდენტს ახალი ოთხპუნქტიანი შეთავაზება აქვს.
”დღეს ოპოზიციის და პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შეთანხმება შედგა. ოპოზიციამ და პრეზიდენტმა მანამდე მიაღწია 6 პუქნტიან შეთანხმებას, თუმცა უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ოპოზიციამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ გადაედგათ კიდევ თანხმობის ნაბიჯი და გააკეთეს 4 შეთავაზება – ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც ”ქართული ოცნება” ითხოვს, მესამე – პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ეს არის ოთხი ძირითადი ნაბიჯი თანხმობისკენ, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სთავაზობს უმრავლესობას, რომ გათვალისწინებული იყოს ვეტოში. თუ უმრავლესობას კიდევ სხვა საკითხები სჭირდება, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების მუხლი, ოპოზიცია მზად არის, ამაზე ითათბიროს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე აღნიშნულ საკითხზე “ქართულ ოცნებასთან” დამატებითი კონსულტაციისთვის მზად არის.
ამასთან, ანა დოლიძის განცხადებით, თუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლის საკითხის გამო მმართველ გუნდს ხმები არ ეყოფა და “ქართული ოცნების” მაჟორიტარები მხარს არ დაუჭერენ პროექტს ამ შემთხვევაში ოპოზიცია უმრავლესობას საკუთარ 32 საპარლამენტო ხმას დაუმატებს.