საიამ სახალხო დამცველის აპარატს თელავის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მე -7 კლასის ორი მუსლიმი მოსწავლე გოგოს სახელით მიმართა.
საქმე ეხება ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექციის მხრიდან მოსწავლე გოგონებისთვის სკოლის ტერიტორიაზე მუსლიმური რელიგიური სიმბოლოს ჰიჯაბის ტარების აკრძალვას. ერთ- ერთი მოსწავლის მამამ, ასტანოვ თაჰირი სკოლის დირექტორს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
საიამ სკოლის შინაგანაწესის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტი ასაჩივრებს, რომელიც მოსწავლეებს სკოლაში ქუდის, კეპის, ბენდენას და თავსახვევის ტარებას კრძალავს.
საიას მიაჩნია, რომ შინაგანაწესის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტს, რომლითაც აკრძალულია ირიბი დისკრიმინაცია (ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულების დაუშვებლობა).
“საია თვლის, რომ თავსახვევის ამკრძალავი სკოლის შინაგანაწესი ნეიტრალურია რელიგიური სიმბოლოების მიმართ, თუმცა ამ დებულების აღსრულების პრაქტიკა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს მუსლიმ გოგონას
ქრისტიან თანატოლებთან შედარებით. შინაგანაწესი მსგავს აკრძალვას არ აწესებს მოსწავლის მიერ საჯარო სკოლაში ქრისტიანული ჯვარის ტარებასთან დაკავშირებით.
,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ყველა დაწესებულებამ, მათ შორის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლამ თავისი შიდა რეგულაციები შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან.
საია თხოვს სახალხო დამცველს, რეკომენდაციით მიმართოს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის დირექტორსა და სამეურვეო საბჭოს, რომ შეიცვალოს შინაგანაწესი, რათა მუსლიმ მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეს ატარონ ჰიჯაბი”, – აცხადებს საიაში.
ფაქტთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ გაცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სკოლა გამიჯნული უნდა იყოს რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებისგან, რადგანაც მას თავისი შინაგანაწესი გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა სკოლაში მე-7 კლასელი მოსწავლე არ შეუშვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას თავსაბურავი იგივე ე.წ. ჰიჯაბი ეკეთა.