გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერიშმა კომენტარი გააკეთა ესპანეთში, კერძოდ კატალონიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. მან ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა, კატალონიის ირგვლივ არსებული ვითარება დემოკრატიული გზით გადაიჭრას.
გაეროს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი მოითხოვს, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ მიუკერძოებელი გამოძიება ჩაატაროს იმ ძალადობაზე, რომელიც კატალონიაში რეფერენდუმის დღეს მოხდა.
როგორც რეგიონის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ჟორდი ტურული ამბობს, კატალონიის მოსახლეობამ დამოუკიდებლობასა და ესპანეთიდან გამოყოფას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, 2 020 144 ადამიანმა ესპანეთიდან გასვლას მხარი დაუჭირა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 90% -ს შეადგენს. “არა” რეფერენდუმზე 176 566 ადამიანმა (7%) თქვა, 45 ათასზე მეტი ბიულეტენი ცარიელი (2%) იყო, ხოლო 20 ათასი ბიულეტენი გაუქმდა. ტურულმა ასევე დასძინა, რომ ეს თითქმის საბოლოო შედეგებია.
ცნობისთვის, ესპანეთიდან გამოყოფის შესახებ კატალონიაში რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ის უკანონოდ გამოაცხადა. კატალონიაში საარჩევნო უბნების ნახევარზე მეტი დაიხურა. ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ და სამოქალაქო გვარდიამ ბარსელონაში რამდენიმე საარჩევნო უბანი დაბლოკა.