თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პარტიის წევრ ლევან ხაბეიშვილს გუშინ, თბილისის მერიასთან გამართული აქციის მიმდინარეობისას მერიის შენობაში შეიყვანეს და სცემეს.
“ნიკა მელიას მიერ გაჟღერებული ბრალდება სრული სიცრუეა. თვალსაჩინოებისთვის და საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ თბილისის მერიის პირველ სართულზე გადაღებულ სრულ ვიდეოჩანაწერს.
მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერიის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ არის მიმართული. – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისის მერიასთან გუშინ ”ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართა, რომლის დროსაც 6 პირი დააკავეს. პარტიის ლიდერები იმ გადაწყვეტილების შეჩერებას ითხოვდნენ, რომლის მიხედვითაც ქალაქის ცენტრში არსებული ქონება ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს 1 ლარად უნდა გადაეცეს.