აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ექსპერტები „მეტრონომთან“: რა არის ძირითადი განსხვავება მოქმედ და ახალ კონსტიტუციას შორის

ახალი კონსტიტუციის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე დებატები არ წყდება. საზოგადოების საკმაოდ მსუყე ნაწილი ამბობს, რომ ახალი კონსტიტუცია უმრავლესობამ მოსახლეობის აზრის გვერდის ავლით მიიღო და მისი ლეგიტიმურობა საეჭვოა. რაც არ უნდა იყოს, მესამე მოსმენით კანონი უკვე მიღებულია და რაც ყველაზე მთავარია, არავინ ცდილობს დეტალებში მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, თუ რეალურად, რა ცვლილებებზეა საუბარი, დებატების თუ სხვადასხვა სატელევიზიო ეთერებში ამ თემაზე საუბრის დროს არავინ ცდილობს მარტივი ენით აუხსნას საზოგადოებას თუ რას ცვლის კონსტიტუციის ახალი რედაქცია და რითი იქნება ის განსხვავებული დღეს მოქმედ კონსტიტუციასთან. „მეტრონომმა“ გადაწყვიტა, ამ სტატიით დაწვრილებით მიაწოდის ინფორმაცია საზოგადოებას, რისთვისაც ის ანალიტიკოსს და კონსტიტუციონალისტს დაუკავშირდა.

26 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მესამე მოსმენით მიიღო. ამით ქვეყანაში კონსტიტუციური რეფორმის ათთვიანი პროცესი დასრულდა.

სხდომა პოლიტიკური განცხადებებისა და ურთიერთ ბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. თუმცა, ახალ კონსტიტუციაზე ბევრი დავის მიუხედავად, „მეტრონომთან“ საუბარში სპეციალისტები ამბობენ, რომ დოკუმენტში სახელისუფლო შტოებს შორის ბალანსი მეტნაკლებად დაცულია.

საპარლამენტო მოდელის ქვეყნებში ძლიერი აღმასრულებელი ორგანო მთავრობაა, ძლიერი ფიგურა კი პრემიერ-მინისტრი, გაძლიერებულია პარლამენტიც… შესაბამისად, მოქმედ კონსტიტუციისგან განსხვავებით, მათი აზრით, აშკარა რეგრესია. ექსპერტები დოკუმენტში იმ უარყოფით ტენდენციებზე საუბრობენ, რომლითაც არა საზოგადოება, არამედ ხელისუფლება ისარგებლებს. აქვე პრეზიდენტის არჩევის წესსაც ეხებიან და ამბობენ, რომ ეს კონსტიტუცია კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას არ გულისხმობს, რადგანაც უშიშროების საბჭო, მაინც პრეზიდენტის დაქვემდებარებაში რჩება.

სპეციალისტების აზრით, სწორია ის არგუმენტი, რომ ასეთი სუსტი უფლებების მქონე პრეზიდენტს მოსახლეობა საყოველთაო წესით არ უნდა ირჩევდეს, მსუყე უფლებების მადა არ გაეხსნას, ამბიციები არ გაუჩნდეს და ხელისუფელბასთან  წინააღმდეგობაში არ მოვიდეს. ასეთი სიტუაცია კი ქვეყანაში დესტაბილიზაციას და პოლიტიკურ კრიზისს გამოიწვევს.

თუმცა,  მიუხედავად ძალთა ბალანსისა, ექსპერტების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ საზოგადოება და ქვეყანა მზად არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ სახელმწიფო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასულიყო, რადგანაც არსებობს საფრთხე, რომ პარლამენტის არჩევის სისტემა, რომელიც კვლავ ძალაში დარჩა, ხელისუფლებას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს და 2024 წლისთვის არსებობს შანსი, არსებულმა ხელისუფლებამ პარლამენტში კვლავ უმრავლესობა მიიღოს.

 რით განსხვავდება ახალი კონსტიტუცია არსებულისგან

განსხვავება არის შინაარსშიც და  ფორმაშიც. ახალი დოკუმენტით, ფუნდამენტურად იცვლება ქვეყნის მართვის მოდელი, შესაბამისად სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა  ბალანსი, ასევე არჩევნების სისტემა. ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადადის.

საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, საპარლამენტო დებატების გარეშე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს პარლამენტის შენობაში აირჩევს საარჩევნო კოლეგია. რომლის  შეამდგენლობასაც ცესკო  ამტკიცებს.

საარჩევნო კოლეგია შედგება ე.წ.  300  ხმოსნისგან. ხმოსნები არიან საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები, ასევე ადგილობრივი საკრებულოების შემადგენლობიდან შესაბამისი პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებული პირები.

ერთი და იგივე ადამიანის არჩევა საქართველოს პრეზიდენტად მხოლოდ ორჯერ შეიძლება. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს.

ერთხმოსანს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმოსანთა სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3 დაუჭერს  მხარს.

როგორ  ავირჩევთ  პარლამენტს

პარლამენტის 150-ივე წევრს 2024 წელს ავირჩევთ პროპორციული სისტემით. თუმცა, 2020 წელს, ერთჯერადად, იმუშავებს განსხვავებული წესი – ეს იქნება შერეული სისტემის არჩევნები, ხოლო ასევე ერთჯერადად  პარტიებისთვისაც საარჩევნო გადასალახი ბარიერი 2020 წლისთვის 3%-იანი იქნება. რაც შეეხება უკვე 2024 წელს, ახალი კონსტიტუციით, ისევ 5%-იანი ბარიერი დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური პარტიები 2020 წელს  ბლოკების შექმნას კვლავ შეძლებენ, ხოლო 2024 წელს – ვეღარ.

არჩევნებში მონაწილეობას  მხოლოდ  პოლიტიკური პარტიები მიიღებენ (ბლოკები აღარ იქნება); პარლამენტში ფრაქციას ვერ შექმნის 7-ზენაკლები დეპუტატი (აქამდე 6-ს შეეძლო); ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით  არჩეული წევრები ვერ შექმნიან ერთზე მეტ ფრაქციას;

დადგენილია ბონუსის ზედა ზღვარი, რომლის თანახმადაც, გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს ამ პარტიის მიერ მიღებული ხმების 35%-ზე მეტს. დანარჩენი გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად სხვა ბარიერგადალახულ პარტიებზე განაწილდება.

რადგან პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის სისტემა იცვლება და ეს ორი პროცესი ერთმანეთზეა დამოკიდებული, ამიტომ 2018 წელს პრეზიდენტს ისევ პირდაპირი  წესით ავირჩევთ, მაგრამ ამ წელს არჩეულ პრეზიდენტს მმართველობის ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები 2024 წელს, პარლამენტის  პროპორციული სისტემით არჩევას დაემთხვეს.

პრეზიდენტი ამ ორ შტოს შორის არბიტრის და დამბალანსებლის  ფუნქციას  შეასრულებს.

შინაარსის გარდა, ცვლილებებია  ფორმაშიც. მაგალითად, ამჟამინდელ კონსტიტუციაში თუ 109 მუხლი იყო, ახალში – 78 მუხლია. მოქმედში თუ  მხოლოდ  თავები იყო დასათაურებული, ახალში – თითოეულ მუხლს  თავისი სათაური აქვს.

კონსტიტუციონალისტი  ვახტანგ ხმალაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ამჟამად მოქმედ კონსტიტუციაში ეს ცვლილებები აუცილებლად განსახორციელები იყო, რადგანაც აშკარად კონტროლის და გაწონასწორებულობის მექანიზმი დარღვეულია. მეორე კი – პარლამენტის საარჩევნო სისტემა არასამართლიანია და შესაძლებლობას არ იძლევა, რომ პარლამენტი ამომრჩეველთა ნების შესაბამისად ფორმირებული იყოს და რეალურ  უპირატესობას არჩევნების დროს, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აძლევს.

ხმალაძის თქმით, ეს ორი საკითხი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა შეცვლილიყო. თუმცა, მისი განცხადებით, მოხდა ისე, რომ ახალი კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებებმა ბოლომდე კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკაზე ვერ გადაგვიყვანა.

მისი თქმით, თუ კლასიკური საპარლამენტო რესპუბლიკა გვინდოდა, მაშინ პრეზიდენტს უშიშროების საბჭო აღარ უნდა ექვემდებარებოდეს. ამ საბჭოს უფლებამოსილება მხოლოდ სახელმწიფოს თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს უნდა ეხებოდეს, სათაური კი უფრო ფართო უფლებამოსილებას მოიაზრებს. ეს ცვლილება ახალ კონსტიტუციაში არ არის, რაც კონსტიტუციონალისტის აზრით, არასწორია.

„რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, საერთაშორისო პრაქტიკა ამბობს, რომ ორივე წესი საპარლამენტო რესპუბლიკებში გამოიყენება. როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი არჩევის წესი, თუმცა მსოფლიოში არსებული კვლევები მიუთითებენ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების, არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ამა თუ იმ პრეზიდენტს სხვადასხვა დროს, ისეთი მოქმედება განუხორციელებია, რომელიც მის უფლებამოსილების ფარგლებს სცილდება. ეს შეიძლება იყოს განცხადება, რომელიც მის კომპეტენციაში არ შედის, რომლის დროსაც, პრეზიდენტები აპელირებენ იმაზე, რომ მათ მაღალი ლეგიტიმაცია აქვთ. ეს კი ჩვეულებრივ, ზოგან ხანმოკლე ვადით, ზოგან დიდი დროის განმავლობაში, პოლიტიკურ დაძაბულობას იწვევს, რომელიც არ არის გამორიცხული, პოლიტიკურ კრიზისშიც გადაიზარდოს.

ამდენად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქვეყნისთვის  საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, ირიბი არჩევნების წესი ნაკლებად სარისკოა. მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას, მაგრამ მიმაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევა უფრო ფართო შემადგენლობის მიერ უნდა მოხდეს, სადაც ამრჩევთა კოლეგია იქნება წარმოდგენილი. აქ კი პარლამენტის წვერების გარდა, ქვეყნის ტერიტორიული ერთეულიდან დელეგატებიც იყვნენ წარმოდგენილები“,-ამბობს ხმალაძე „მეტრონომთან“.

ხმალაძის თქმით, ხელისუფლებებს შორის კონტროლის მექანიზმი საკმაოდ კარგად არის დაბალანსებული, თუმცა არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც პარლამენტის არჩევის სისტემას ეხება, რომელიც ახალი კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის მაკონტროლებელი უნდა იყოს.

კონსტიტუციონალისტის აზრით, 2024 წლამდე ძველი საპარლამენტო სისტემა რჩება, რითაც, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ისარგებლებს, რადგანაც პარლამენტის არჩევნების შედეგები მაღალი ალბათობით, ამომრჩევლის ნების პროპორციულ გამოხატვას არ მოგვცემს. ამიტომ, მომდევნო პარლამენტშიც სახელისუფლო პარტიას პროპორციულზე უფრო მეტი წარმომადგენლობა ექნება. ეს კი ერთპარტიულ უმრავლესობას ქმნის და მათ მიერ დანიშნულ ხელისუფლებაზე კონტროლის მექანიზმი დაბალი იქნება.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „მეტრონომთან“ აცხადებს, რომ კონსტიტუციასთან მიმართებაში სცოდავს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. ანალიტიკოსის თქმით, იმის მტკიცება, რომ კონსტიტუცია ხალხის მოთხოვნით იყო მიღებული, სინამდვილეს არ  შეესაბამება. ანჯაფარიძის განცხადებით, თუ ხელისუფლებას ამ საკითხზე მოსახლეობის აზრი აინტერესებდა, მაშინ მას პლებისციტი, ან რეფერენდუმი უნდა  ჩაეტარებინა.

ხელისუფლება ვიდრე გადაწყვეტდა, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადაეყვანა, მანამდე მოსახლეობისთვის აზრი უნდა ეკითხა. ხოლო თუ უმრავლესობა იტყოდა, რომ მას საპრეზიდენტოდან საპარლამენტო  მმართველობაზე გადასვლა სურდა, მხოლოდ მაშინ უნდა მიეღო გადაწყვეტილება.

„კულუარებში შეკრებილმა პოლიტიკოსებმა ერთმანეთში მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ ქვეყანა საპარლამენტო მმართველობაზე გადაეყვანათ. ხალხს კი ამის თაობაზე არავინ არაფერი ჰკითხა. რაც შეეხება ოპოზიციას, აქაც ძალიან ჭრელი წარმომადგენლობა გვყავს. სასაცილოა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაზე  ბრალდებებს ვისმენთ.

ყველას გვახსოვს მათი ხელისუფლების დროს, როგორი კონსტიტუცია გვქონდა. ყოველ შემთხვევაში ეს კონსტიტუცია, წინასგან განსხვავებით, უფრო დემოკრატიულ სიტუაციაშია მიღებული. რა  თქმა უნდა, გარკვეული  კითხვები და პრეტენზიები არსებობს, მაგრამ წინასთან შედარებაც არ შეიძლება.

მთავარი ის არის, არ ვიცით ეს კონსტიტუცია სინამდვილეში ხალხის დაკვეთაა თუ  არა. ჩემი აზრით, საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა ჯერ ადრე იყო. ამ მოსაზრებას ბევრი კონსტიტუციონალისტი და  ექსპერტიც იზიარებს.

ამის მიზეზი ის არის, რომ ქვეყანაში პარტიული სისტემა გაუმართავია, პოლიტიკური პარტიები სუსტები არიან. ასეთ შემთხვევაში, საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა დიდ რისკს შეიცავს. არის  დიდი ალბათობა, რომ ქვეყანაში ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პარტიის ხელში მოხვდეს, რაც  პრინციპში ხდება კიდეც“, – ამბობს ანჯაფარიძე  „მეტრონომთან“.

ავტორი:  ელზა  პაპოშვილი   

იტვირთბა....