ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალქალაქის სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის ტერიტორიას ამ დრომდე პოლიცია იცავს

ახალქალაქის სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის ტერიტორიას ამ დრომდე პოლიცია იცავს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დილიდან მშვიდ ვითარებაში განახლდა. დღეს, რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

მშენებლები, რომლებიც სოფელ კუმურდოს ეკლესიაში სარესტავრაციო სამუშაოებში არიან ჩართული ადასტურებენ, რომ საძირკვლის დასუფთავების დროს სამარხები იპოვეს. “რუსთავი 2”-თან საუბრისას, გაწმენდითი სამუშაოების ტაძარში დასაქმებული პერსონალი არ გამორიცხავს, რომ ადგილზე უძველესი ნეშტები კიდევ აღმოჩნდეს:

“აქ გენოციდი იყო ჩატარებული როგორც თვითონ იძახიან და გამოკვლეული არ არის ვისია ეს ძვლები – ჩვენია, ამათია ჯერ გამოკვლეული არ არის. იძახიან, რომ ჩვენი წინაპრები არიან დახოცილები. იმათი მემორიალის დადგმა უნდოდათ. ეკლესიის ეზოში კატეგორიულად გამორიცხულია ეს. მუშაობა დავიწყეთ მიწის გატანით. ეს საფეხურები სულ მიწით დამალული იყო და დავიწყეთ გატანა და ყოველ ათ სანტიმეტრში, თხუთმეტ სანტიმეტრში საფლავები არ იყო მაგრამ ძვლები ამოდიოდა,“ -განაცხადა გელა რობაქიძემ “რუსთავი 2”-თან.

შეგახსენებთ, სოფელ კუმურდოში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა სომეხი ეროვნების მოსახლეობამ ქვაჯვრების დადგმის მიზნით, მე-10 საუკუნის ტაძრის ეზოში შესვლა სცადა. ისინი ტაძრის რესტავრაციას ეწინააღმდეგებიან. აღნიშნული ტაძარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იმყოფება კულტურის სამინისტროს ბალანსზე და მას იცავს დაცვის პოლიცია.

თავდაპირველად დაპირისპირება დაცვის პოლიციასა და ადგილობრივებს შორის დაიწყო, რის შემდეგაც დაცვის პოლიციამ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავების მისვლის შემდეგ, ტაძართან შეკრებილებმა პოლიციას ქვები ესროლეს, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, დაზიანდა პოლიციის რამდენიმე მანქანაც.

ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა, რის შემდეგაც სიტუაცია განიმუხტა.

იტვირთბა....